LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

84

საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა, აქტიურ ფაზაში გადავიდა. დღეის მდგომარეობით დასრულებულია დეტალური პროექტირება, მანქანა-დანადგარების სპეციფიკაციების მომზადება და მოლაპარაკებები მათ მომწოდებლებთან. კვირის ბოლოს დასრულდება მიწის საექსკავაციო პროცესი, რის შემდეგ იწყება საწარმოს შენობის სამშენებლო სამუშაოები.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, სამშენებლო პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. გეგმის თანახმად, საწარმოს შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო Boeing-ის მიერ ქარხნის სერთიფიკაციის პროცესი 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.
მათივე ცნობით, ქარხნისთვის უკვე შეკვეთილია თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს. უკვე დაწყებულია სპეციალისტების გადამზადების პროცესი, რომელიც მოიცავს ტრენინგს თვითმფრინავების სხვადასხვა კომპოზიტური ნაწილების წარმოების მიმართულებით და ისრაელში ტარდება. ქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. საწარმოში შექმნილი პროდუქციის პოტენციური მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვები.

როგორც ფონდში აცხადებენ, საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. პროდუქციის გამოშვებას ქარხანა 2018 წლიდან დაიწყებს. საწარმოს სამშენებლო სამუშაოებზე ეტაპობრივად დასაქმდება 100-მდე ადამიანი. საბოლოო ჯამში 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 200-მდე ადგილობრივს, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამის კადრი.

ქარხანის (ATC) მშენებლობას ოპერირებას უწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems – Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC). ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქართული სამშენებლო კომპანია შპს „ანაგი“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „აი-სი-ი-ეს-ი“. საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. მშენებლობის დაწყებამდე პერიოდი მოიცავდა პროექტირების, სამშენებლო კომპანიების შერჩევის, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურებს.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g