თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ახალი ველობილიკის მარშრუტის შედგენაზე მუშაობს.
მაღლივი – >ვაჟა – > პეკინი – > სააკაძე – > მარჯვენა სანაპირო – > დედა ენის ბაღი – > ეს პეკინის ველობილიკის გაგრძელება იქნება და ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებას უფრო რეალურს გახდის.
მარშრუტი დღეს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ველოსიპედით გაიარა.
როგორც მამუმა მუმლაძემ “ფორტუნას” განუცხადა, მთავარი მიზანი პეკინის ველობილიკის გაგრძელება და მისი უფრო ფუნქციურ გზად გადაქცევაა.
უნივერსიტეტის ქუჩიდან სანდრო ეულის ქუჩამდე ველობილიკი ორმხრივი იქნება, ისევე როგორც ეს პეკინის გამზირზეა. მარშრუტის სხვა მონაკვეთებზე, შესაძლოა, ცალმხრივი გზებიც მოეწყოს.
“ეს ველო გზა მივა უნივერსიტეტის მეტრომდე, შემდეგ პეკინის ქუჩამდე, კოსტავამდე და სანაპირომდე. ეს ველობილიკი არ უნდა იყოს პეკინის ველობილიკზე ნაკლები. ამ მარშრუტის ნაწილზე, შესაძლოა, ორმხრივი ველობილიკი გაკეთდეს, ნაწილზე კი –ცალმხრივი. ამას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გადავწყვეტთ”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მისი თქმით, ეს მარშრუტი მეტროსაც მოიცავს, შესაბამისად, შესაძლოა, მეტროსადგურთან ველოსიპედების ჰაბი გაკეთდეს.
გზის პრაქტიკული დატესტვის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანია უკვე შეადგენს პროექტს, რომელსაც, შესაბამისი კომპანია შეასრულებს.
მამუკა მუმლაძე ფიქრობს, რომ პროექტის შემუშავების შემდეგ, ამ მარშრუტის ინსფრასტრუქტურული მოწყობისთვის, დაახლოებით, სამი თვე საკმარისი იქნება.
“ჩემი აზრით, უნივერსიტეტის ქუჩის პეკინის ქუჩასთან დაკავშირებას, 3 თვეზე მეტი არ უნდა დასჭირდეს. უნდა გაივლოს ამაღლებული ბარიერი და დაისხას ასფალტი. თუმცა, შესაძლოა, მშენებელმა სხვა ვადები მოითხოვოს. უფრო კონკრეტული თარიღი გვეცოდინება მაშ შემდეგ, რაც მონახაზი გვექნება”, – განაცხადა მუმლაძემ “ფორტუნასთან”.
როგორც “ველომოყვარულთა კლუბის” წევრმა თამაზ თიკანაძემ აღნიშნა, სტუდენტებისთვის ვაჟადან მაღლივ კორპუსამდე ამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ მონაკვეთში უნივერსიტეტის რამდენიმე შენობაა განთავსებული.
“ეს მარშრუტი დღესაც გამოიყენება, თუმცა სახიფათოა, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ზუსტად ამიტომ გავიარეთ ეს გზა და პრაქტიკაში ვნახეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ველოსიპედით ამ მონაკვეთზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდეს”, – განაცხადა თამაზ თიკანაძემ “ფორტუნათან”.
მისივე თქმით, ამ მარშრუტის განხორიცელების შემდეგ, პეკინის ველობილიკი აღარ იქნება მხოლოდ საჩვენებელი ან გასართობი ინფრასტრუქტურა და მისი გამოყენება რეალურად მოხდება.
ყველა ვინც თბილისის ველოგზებით დაქსელვის სამუშაოებშია ჩართული, ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებას სწორად დაგეგმვა და დიდი დრო სჭირდება.
თამთა უთურგაშვილი