წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი, მომავალი წელი უნდა იყოს სიყვარულის წელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ქვეყანას და ქალაქს, არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი სიყვარული, რადგან საზოგადოება დაიღალა ამდენი სიძულვილით, ბოღმით და ერთმანეთის შეურაცხყოფით.
„უმთავრესი, რისი ნაკლებობაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქალაქში ნათლად იგრძნობა, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების, არის სიყვარული. უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის მიმართ, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმართ, მეტი პატივისცემა გვმართებს, როგორც ჩვენ დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი.
ვისურვებდი, რომ სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახლის წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას, სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება – სიყვარულით სავსე ქალაქი.
შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად. უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ის, რაც დღეს ხდება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავის სიამოვნებს ის მდგომარეობა, რაშიც ვიმყოფებით. მინდა, მომავალი წელი იყოს სიყვარულის წელი,“ – განაცხადა კალაძემ