ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, თბილისში მდებარე გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში გადავა ვერის ბაღი, დედა ენის 9 მარტის სახელობის ბაღი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, რიყის პარკი, ვაკის პარკი, პარკი მზიური, ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი, ვეტერანების პარკი/ბაღი და თბილისის ზღვის პარკი.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სერვისის ეფექტურობის გაზრდა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, აგრეთვე განისაზღვრა ის გამწვანებული ტერიტორიები (პარკები, ბაღები), რომელთა მოვლა-პატრონობას, მათ შორის მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, მავნებელი დაავადებისაგან დაცვას, ტერიტორიის დასუფთავებას, კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.