თეა გვასალია სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს აქვეყნებს ბარსელონაში მცხოვრები მილიონერის შესახებ, რომლის ახალგაზრდა ცოლს ძალიან სურდა დაქვრივება, ახლა კი ის სასამართლოში განაჩენს ელის.
„ბარსელონაში ძალიან ცნობილი და მდიდარი პროდიუსერი ცხოვრობს, გვარად მაინატი. მისი ქონება 80 მილიონ ევროდაა შეფასებული. ახლა 74 წლისაა, ქვეყნის ფულს ხარჯავს იმაში, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და მართლაც არ ეტყობა ასაკი. მაგრამ როგორც ყველა მდიდარ მოხუცს, ამ საწყალსაც გონია რომ ქალებს ის გარეგნობისა და პიროვნული ღირსებების გამო მოსწონთ და მისი ანტიკვარებით გატენილი სახლი და საბანკო ანგარიშები არ აინტერესებთ. ზუსტად ასეთ ანგელოზად აჩვენებდა თავს ბოლო ცოლი, ანხელა დობროვოლსკი, რომელმაც მეტი დამაჯერებლობისთვის შვილებიც გაუჩინა და მის ფულიან მხარზე თავმიდებული, მინაბული თვალებითა და ბედნიერი გამომეტყველებით პოზიორებდა ხოლმე მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
დღეს ანხელა დაჭერილია და სასამართლოს ელოდება. როგორც გაირკვა, ის ყოველ დღე, საკუთარი ხელით უკეთებდა ინსულინის ნემსს საყვარელ ქმარს, ოღონდ ინსულინს ისეთ წამალსაც ურევდა, რომელიც მის დაქვრივებას დააჩქარებდა.
ახლა ანხელა ამტკიცებს, გასაახალგაზრდავებელ ინიექციებს ვუკეთებდი, ეგ ბებერი ხომ შერყეულია თავის გარეგნობაზეო. მაინატის დანარჩენი შვილები (პირველ ცოლთან), სიხარულით იფშვნეტენ ხელებს, მამის ქონებაში რომ ვეღარავინ შეეცილებათ. თვითონ პროდიუსერი კომენტარს არ აკეთებს. ასე რომ, ფულიანო თანამემამულენო, ვისაც 15, 20 და 30 წლით უმცროსი ცოლები მოგყავთ, ყოველი შემთხვევისთვის ჩაიში შაქარი თქვენი ხელით ჩაიყარეთ და ინსულინი და ბოტოქსი სანდო ექთანს გააკეთებინეთ“.