მთარგმნელი და ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსსა და ბარსელონაში მოსწავლეებთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
როგორც მთარგმნელი და ტელეწამყვანი წერს, ოცნებები არ ხდება, ისინი უნდა აიხდინო.
„ოცნებები არ ხდება. ოცნებები უნდა აიხდინო.
ჩვენ სამივემ შევძელით ამის გაკეთება და ბარსელონაში ჩასულს რომ ტატო და გენო უკვე აქაურ ბინადრებად და მასპინძლად დამხვდნენ, ნიშნავს, რომ შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის ფასდება.
ამბავი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე წლის წინ ტატო ხარჩილავა მოვიდა ჩემთან ესპანურის სასწავლად. მისი მშობლები აფხაზეთიდან დევნილები არიან და ტატოს ნულიდანაც არა, ნულს ქვემოდან მოუწია ცხოვრებაში გზის გაკვლევა. მის ოცნებას, ესწავლა ესპანური და ეცხოვრა ბარსელონაში, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასხამდით ხორცს და მისი უკიდურესად დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, (ჩემთან სწავლის პარალელურად „ბლექ სი არენას“ დირექტორად აირჩიეს), ჯიუტად მივიწევდით წინ. დღეს ის ბარსელონაში ცხოვრობს და ვიცი, აქაც გამოიჩენს თავს.
მეორე, გენო გოლეთიანი 7 თვე მელოდებოდა, როდის გამითავისუფლდებოდა ადგილი და როცა, როგორც იქნა ჩემამდე მოაღწია, დაჯდა, მომდევნო 7 თვე თავაუღებლად იმეცადინა და ისე ისწავლა ენა, რომ ერთის ნაცვლად ორი უნივერსიტეტისგან მიიღო შეთავაზება და ახლა აქ, ბარსელონაში, წარმატებული დოქტორანტია.
ჰოდა, გუშინ საღამოს, მე, ელენე და მელანო გოთურ უბანში რომ ვსეირნობდით და ტატო ადგილობრივებზე უკეთესად გვიყვებოდა ყოველი შენობის ისტორიას, გენო კი სამომავლო გეგმებს გვიზიარებდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რითიც ეს პოსტი დავიწყე: ოცნებებს საკუთარი თავის გარდა, ვერავინ აგიხდენთ, ოღნდ ამ თავს დაუნდობელი ექსპლოატაცია უნდა გაუწიოთ, ყოველ დღე თითო (ან მეტი) აგური დადოთ თქვენი ოცნების კოშკის ასაშენებლად და როგორც რეკლამებში უყვართ თქმა: შედეგი გაგაოცებთ,“ – წერს თეა გვასალია.