„ჩვენ, ალბათ, მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერიმა, თეა წულუკიანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
თეა წულუკიანის თქმით, „სისხლის სამართლის კოდექსიდან“ ცილისწამების შესახებ მუხლი მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო.
„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „ვარდების რევოლუციიდან“ მალევე, მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან ცილისწამების ცნება გააქრო და ის დღესაც სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი არ არის.
როცა ჩვენი კომისია მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში, გამოიკვეთა, რომ მას არამხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ადამიანები ისეთებად შეერაცხა, როგორებადაც ის მიიჩნევდა, არამედ მაგალითისთვის, ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკესად მოკლეს, ამ ყოველივეს თან სდევდა ცილისწამება. მაგალითად: სერგო თეთრაძისთვის იმის დაბრალება, რომ ჯაშუშია, პაატა ქარდავასთვის იმის დაბრალება, რომ ქვეყანას უღალატა და სხვასთან ითანამშრომლა; იგივე დათო ცინდელიანისა და სხვების შემთხვევაში. ეს ჩამოყალიბდა მოდელად იმის წყალობით, რომ მან წინსწრებად გააუქმა დამსჯელი ნორმა.
ჩვენ, ალბათ, მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული.
დღევანდელი სხდომა, ჩემი აზრით, ისტორიული სხდომაა, რადგან ცილისწამებისგან ადამიანი, მინიმუმ, სამოქალაქო წესით უკეთესად იქნება დაცული. სისხლის სამართლის მიმართულებით, შემოთავაზებაა, რომ მომავალში ერთად ვიმსჯელოთ“, – თქვა თეა წულუკიანმა.