„ვინაიდან „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლის თანახმად, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული, სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, კომისია „მამუკა ხაზარაძის უარზე იმსჯელებს“.
„დღეს სხდომაზე მამუკა ხაზარაძე გვყავდა მოწვეული. როგორც ჩანს, ისმენდა თქვენს [შპს „მაგნატის“ მესაკუთრე, ჯემალ ლეონიძე] გამოსვლას და „ფეისბუკის“ საშუალებით განაცხადა მოსვლაზე უარი. ამ კომისიას უწოდა ცირკი და თქვა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. თქვენ რომ დაგემშვიდობებით, ვიმსჯელებთ მის უარზე. ვინაიდან „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლის თანახმად, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული, სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის დაბარებული. მან გუშინ „ლელოს“ ოფისში უარი განაცხადა ჩვენი შეტყობინების ჩაბარებაზე, თუმცა იურისტისა და ასისტენტის მეშვეობით, ჩვენთვის დადასტურებულადაა ცნობილი, რომ ის საქმის კურსშია მოწვევასთან დაკავშირებით. ის კვლავ არის მოწვეული კომისიის სხდომაზე.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის გამოცხადდება დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომელიც გვაქვს მით უფრო თქვენ მიერ მონათხრობის შემდეგ“, – თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დღეს, კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.