თებერვლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გაიზრდება მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დასაქმებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამეურნეო ნაწილისა და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორების, აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების, მუსიკისა და ცეკვის პედაგოგების, მზარეულების, მზარეულის დამხმარეების, დამლაგებლების, მრეცხავების, საქმეთა მწარმოებლების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედთა შრომის ანაზღაურება.
საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება შემდეგი პროცენტულობით მოიმატებს: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი – 5%; სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – 10%; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი – 15%; აღმზრდელი – 10%, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) – 10%; მუსიკისა და ცეკვის პედაგოგები 7-7%; მზარეული – 20%; მზარეულის დამხმარე – 20%; დამლაგებელი – 20%; მრეცხავი – 20%, საქმისმწარმოებელი – 15 %; ფსიქოლოგი – 15%, ლოგოპედი – 10%.
გარდა ამისა, ბაღების დირექტორების ხელფასები გათანაბრდება, მთლიანობაში კი, შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზრდება.
ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ზრდისთვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტიდან 3 642 470 ლარია გამოყოფილი.