LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის ახალი კლიპი ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით

140
photo-collage.png

31 მარტს, ქალთა ისტორიის თვის ბოლო დღეს, ტეილორ სვიფტმა მოულოდნელად, სიმღერის – Elizabeth Taylor კლიპი გამოუშვა. სიმღერა მისი მე-12 სტუდიური ალბომის – The Life of a Showgirl მესამე სინგლია The Fate of Ophelia-სა და Opalite-ის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში თავად არტისტი არ მონაწილეობს. მუსიკალური რგოლი ლეგენდარული მსახიობის, ელიზაბეტ ტეილორის ცხოვრებისა და კარიერის ამსახველი რეტროსპექტივაა.

კლიპში გამოყენებულია კადრები ელიზაბეტ ტეილორის ისეთი საკულტო ფილმებიდან, როგორებიცაა: „კლეოპატრა“, „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“, „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“, „გიგანტი“ და სხვა.

ვიდეოში ჩართულია საარქივო ქრონიკებიც, სადაც ასახულია მსახიობის საჯარო გამოსვლები, პაპარაცებთან შეხვედრები და კადრები მის მეუღლესთან, რიჩარდ ბარტონთან ერთად.

მუსიკალურ რგოლში აქცენტი კეთდება ელიზაბეტის ცნობილ იასამნისფერ თვალებზე და მის ძვირფას სამკაულებზე, მათ შორის რიჩარდ ბარტონის მიერ ნაჩუქარ 33-კარატიან ბრილიანტის ბეჭედზე.

მნიშვნელოვანია, რომ სვიფტმა ამ მასალის გამოყენებისთვის ნებართვა ელიზაბეტ ტეილორის მემკვიდრეებისგან აიღო.

ამასთან, მსახიობის ოჯახის განცხადებით, ტეილორმა ზუსტად დაიჭირა ის პარალელები, რაც ვარსკვლავების პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის არსებობს.

როგორც ცნობილია, კლიპის სტრიმინგებიდან მიღებული ჰონორარი გადაეცემა Elizabeth Taylor AIDS Foundation-ს, რომელიც მსახიობმა სიცოცხლეშივე დააარსა.

ამჟამად, ვიდეო ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია Spotify Premium-სა და Apple Music-ზე. YouTube-ზე ის 2 აპრილიდან გამოჩნდება, რომლის ქვემოთ განთავსდება სპეციალური ღილაკი ელიზაბეტ ტეილორის შიდსთან ბრძოლის ფონდში (ETAF) პირდაპირი დონაციისთვისაც.

ტეილორ სვიფტი სიმღერის – Opalite კლიპის პრემიერა YouTube-ზე არ შედგება – გაიგე მიზეზი

ცნობისთვის, ადრეულ შემოქმედებაში სვიფტმა ელიზაბეტის სტილი სიმღერის – Wildest Dreams (2015) კლიპში გამოიყენა, ხოლო სიმღერაში – …Ready For It? (2017) ლირიკულად ახსენა მისი და ბარტონის ურთიერთობა.

ელიზაბეტ ტეილორი 1932 წელს ლონდონში დაიბადა და 2011 წლის 23 მარტს, 79 წლის ასასკში, ლას-ვეგასში გარდაიცვალა. ელიზაბეტ ტეილორი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინოვარსკვლავი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები