თელავის აეროპორტი ავიაშოუს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და მასთან არსებული ავიაკლუბ “მიმინოს” ორგანიზებით გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” ავიაკლუბ “მიმინოში” განუცხადეს, ავიაშოუ მაისში ჩატარდება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ღონისძიების მიზნებს, როგორც ”მიმინოში” განმარტეს, მთავარი მიზანი ქართული ავიაციის განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
”ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოყვარულ მფრინავებსა და გამომგონებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ. მონაწილეების რეგისტრაცია 20 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და ავიაშოუში მონაწილეობას რამდენი ახალგაზრდა გამომგონებელი მიიღებს. მოსული დამთვალიერებელი კი ავიაშოუს პარალელურად, გამოფენასაც ნახავს, სადაც წარმოდგენილი იქნება 20-მდე თვითმფრინავი”, – განაცხადეს ”მიმინოში”.
მათივე ინფორმაციით, მონაწილეების შერჩევა სარეგისტრაციო ფორმის შევსებით მოხდა. ”მას ვისაც სურდა გამხდარიყო ავიაშოუს მონაწილე და საკუთარი ნამუშევარი ან გამოგონება ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო, უნდა შეევსო მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა და მიეთითებინა წარმოსადგენი საფრენი აპარატის მახასიათებლები”, – აღნიშნეს ავიაკლუბში.
მათივე თქმით, ავიაშოუზე დასწრება თავისუფალი იქნება და თელავის აეროპორტში მისულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება იხილოს ახალგაზრდა გამომგონებლების მიერ დაპროექტებული სხვადასხვა საფრენი მოწყობილობები, თელავის აეროპორტი და სასწავლო თვითმფრინავები.