LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ღვინის მარანი: ტურისტული ნაკადის შემცირებასთან ერთად, საქართველოში ღვინის მოხმარება ძალიან შემცირდა

103
20200219184910

რა გავლენა იქონია პანდემიამ ღვინის ბიზნესზე საქართველოში და როგორ აგრძელებენ კომპანიები ფუნქციონირებას – ამ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა ისაუბრა.

ბიზნესმენი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ღვინის ხარისხის კონტროლს ეხებოდა. გიორგი გახარიამ გუშინ თქვა, რომ ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნისა და ქართული ღვინის რეპუტაციას.

– თქვენ, როგორც ამ ბიზნესში მყოფი ადამიანი, რას ფიქრობთ – რეალურად არის ღვინის ხარისხის პრობლემა?

სავსებით ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის პათოსს ამასთან დაკავშირებით, რადგან ქართული ღვინო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ღირებულებაა. ის უნივერსალური პროდუქტია, რომლის საშუალებითაც საქართველო ძალიან ცნობილი გახდა მსოფლიოში, ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამ კონკრეტულ პროდუქტს უაღრესად უნდა გავუფრთხილდეთ, იმისთვის, რომ არ შევლახოთ მისი რეპუტაცია და არ დავაგდოთ ის იმიჯი, რაც ჩვენ ამჟამად გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვალდებულნი ვართ ეს გავამართლოთ. ეს ვალდებულება არის ერის წინაშე, ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ჩვენი კონკრეტული ჯიბის წინაშე. ეს პრობლემა რეალურად არსებობს, რადგან იყო ამის მრავალი ფაქტი, როდესაც იყო პრობლემა ღვინის ხარისხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში, იყო მობრუნებული პროდუქციაც… ამიტომ, სახელმწიფომ ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისათვის, რომ ასეთი რამ მომავალში არ განმეორდეს.

– როგორ გაიარეთ ადაპტაცია და რა გავლენა იქონია თქვენს კომპანიაზე კორონავირუსის გამოჩენამ?

ადაპტაცია საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან ღვინო თავისთავად გულისხმობს კომუნიკაციას… ჩვენს უშუალო პარტნიორებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია შეგვეზღუდა, ასევე შეგვეზღუდვა უშუალოდ კონტაქტი ღვინის მარანში, როდესაც ჩვენთან ტურისტული ნაკადი და სტუმრების ნაკადი მოდიოდა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია იმის, რომ ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს და შენი პროდუქტი სხვას გააცნო. ამას დაემატა გამოფენებში არმონაწილეობა – ესეც ძალიან დიდი დარტყმა იყო, ჩვენი პროდუქციის ცნობადობისათვის.  კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ტურისტული ნაკადის შემცირებასთან ერთად, საქართველოში ძალიან შემცირდა ღვინის მოხმარება. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები, დაახლოებით, 50%-ით შეგვიმცირდა, პანდემიის გამო. ჩვენი ღვინის უმეტესობა მოიხმარება რესტორნებისა და სასტუმროების ქსელებში, რადგან ტურისტული ფაქტორი ნულამდე დავიდა, შესაბამისად, ჩვენი ღვინის მოხმარებაც შემცირდა. ამავდროულად, ეს დაეტყო სუპერმარკეტებსაც, რადგან ტურისტი ღვინოს ასევე ყიდულობს სუპერმარკეტში და ღვინის მაღაზიაში.

– რა ხდება საექსპორტო მიმართულებით?

ამ მიმართულებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ეს გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ ჩვენი გაყიდული პროდუქციის უმეტესი ნაწილი იყიდება სუპერმარკეტების ქსელებში და არა – რესტორნებში. შესაბამისად, იქ კლება გაცილებით ნაკლები იყო. ზოგიერთ ქვეყანაში გაყიდვების კუთხით მატებაც კი გვქონდა, მაგალითად: რუსეთსა და პოლონეთში.

– რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა იმისთვის, რომ პანდემიის შედეგად მიყენებული ნეგატიური პროცესები მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გადალახოს?

რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ამაზე მთელი მსოფლიო ფიქრობს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კონკრეტული გადმოსახედიდან ვიმსჯელოთ. მაგალითად, უნდა გადავიდეთ კომუნიკაციის ახალ მეთოდებზე, რაც გულისხმობს ონლაინ კომუნიკაციას. ჩვენს კომპანიაში უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ონლაინ დეგუსტაცია და პრეზენტაცია სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ერთ-ერთი გამოსავალია იმისათვის, რომ ხალხის ინტერესი და მოხმარება შევინარჩუნოთ. ფაქტი ერთია: პანდემია იქნება, თუ არ იქნება, ღვინის მოხმარება ამის გამო არ შემცირდება. ვინც მოიხმარდა ღვინოს, ქვეყნების მასშტაბით ვგულისხმობ, ღვინოს ისევ მოიხმარს. საჭიროა კომუნიკაციის  უფრო დახვეწა და ახალი მეთოდების შემუშავება, რისი მეშვეობითაც, შენ მოახდენ ხალხის შენ მხარეზე გადმოყვანას, შენი პროდუქციით დაინტერესებას.

– როგორც ვიცი, პირადად თქვენი კომპანიის გეგმებში, 2021 წელს ღვინის ტურიზმის მიმართულებით გაფართოება და შატოს გახსნა შედიოდა – ხომ არ გადაიხედა და შეიცვალა ეს გეგმები?

მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი მეპარება, 2021 წელს ტურისტული მიმართულება სრულად აღდგეს, ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. „შატო“ თავისი პირდაპირი გაგებით ასეთი არ გვაქვს, მაგრამ გავაძლიერებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ უკეთესად მოვემზადოთ ტურისტული სეზონისთვის. მომავალ წელს თუ არა, შემდგომი წლებისათვის აუცილებლად გახდება ეს გასაკეთებელი, ანუ, ამ პროექტებს არავითარ შემთხვევაში არ ვაჩერებთ.

– შევაჯამოთ „თელავის ღვინის მარნის“ საქმიანობა – რას მოიცავს ის, სად გაქვთ ვენახები, რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ და სად ხდება რეალიზაცია?

„თელავის ღვინის მარანი“ დაფუძნებულია 1915 წელს, უკვე 100 წელზე მეტის არის ჩვენი კომპანია. ვენახების უმეტესობა განთავსებულია კონდოლში, ასევე ნაფარეულისა და ქინძმარაულის მიკროზონებში. ჯამური მოცულობა ვენახების არის 345 ჰექტარი. ჩვენი საწარმო მდებარეობს თელავის სიახლოვეს. წარმოებული ღვინის ჯამური მოცულობა წელს არის 5.5 მილიონი ბოთლი ღვინო. პროდუქციის ნაირსახეობა საკმაოდ ფართოა, გვაქვს 60 დასახელების ღვინო, ჩვენ ასევე ვაწარმოებთ: ჭაჭას, ბრენდს…

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, „თელავის ღვინის მარნის“ პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს 28 ქვეყანაში გადის, ეს ციფრი მერყეობის იმის მიხედვით, თუ არის ხოლმე მცირედი შეკვეთები სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნიდან, შესაბამისად, ხანდახან ავდივართ 32 საექსპორტო ქვეყნამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g