თელავში მრავალსაუკუნოვანი ჭადრის გადასარჩენად, სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჭადრის სანიტარული დათვალიერება ჩაატარეს და ნიადაგის ანალიზი აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას knews ავრცელებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თამილა ნადირაძე, განმარტავს, რომ საუკუნოვანი ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია. მისი თქმით, თავდაპირველად ჩატარდება ფიტო- სანიტარული დათვალიერება და კვლევები, რომლის შედეგად ცნობილი გახდება კონკრეტულად რა დახმარება უნდა განხორციელდეს, ხის გადასარჩენად. პროცესში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
გერმანელმა სპეციალისტმა დეტლერ კოხმა, თელავის ჭადარს მკურნალობა, 2016 წელს ჩაუტარა. მეცნიერის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულება 35 000 ევრო იყო, საიდანაც , 4 500 ლარი თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, დანარჩენი კი, თელავთან დაძმობილებულმა გერმანულმა ქალაქმა, ბიბერახმა დაფარა.
ათასწლოვანი ჭადარი, თელავის ისტორიულ უბანში, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ჭადრის გარშემოწერილობა 12, ხოლო სიმაღლე, 40 მეტრს აღწევს.