ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული.
ტელეკომპანიის შეფასებით, „დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას“.
„როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას.
ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“, – აღნიშნულია „იმედის“ განცხადებაში.
დღეს გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.
როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.
