LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება – ვის სურს არხის შეძენა

423
იმედი

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის, ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის 100%-იანი წილი იყიდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ გარიგების შესახებ კომუნიკაციების კომისიას მიმართა.

კომისიამ საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და თანხმობა გასცა.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება  „ფორტუნამ“ კომუნიკაციების კომისიასა და ტელეკომპანია „იმედში“ სცადა.

როგორც “იმედის” საინფორმაციო სამსახურის  უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ინფორმაციას არ ფლობს.

„საეთეროში ვარ და გადაცემაზე ვარ გადართული. ბოდიში, მაგრამ ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“. – ამბობს ჩვენთან საუბარში ირაკლი ჩიხლაძე. 

 

"იმედი" 2 წლის წინ ვიყიდეთ, უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა: ირაკლი რუხაძე

"დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს" - ირაკლი რუხაძე

 

გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენის“ ყიდვა სურს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ შპს „მედია ფაინანს გრუპს“, რომლის ბენეფიციარები არიან:

აშშ-ის მოქალაქე იგორ ალექსეევი, ასევე აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი.

„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ მან და მისმა პარტიორებმა „იმედი“ ორი წლის წინ იყიდეს.

„მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ. უფრო სწორედ, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს.“- განუცხადა ირაკლი რუხაძემ „ბიზნესპარტნიორს“.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედი“ 2003 წლის 15 მარტს დაფუძნდა.

 

Update:  

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩვენს შეკითხვას “კომუნიკაციების კომისიის” პრესსამსახურმა, მოგვიანებით წერილობით უპასუხა, რომლის თანახმადაც:

“2021 წლის 20 იანვარს კომუნიკაციების კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, იმის შესახებ, რომ სურდათ პარტნიორის ცვლილება,

კერძოდ “Media finance Group B.V.”-ს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100% შეძენა ჰქონდა განზრახული, რომლის მფლობელი ფიზიკური პირი ინა გუდავაძეა, აღნიშნული ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად კი როგორც ამას კანონი მოითხოვს კომუნიკაციების კომისიას მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წილების 100%-ს ფლობდა შპს „ტელეიმედში“ , შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ში) და შპს „რადიო იმედში“ .

კომისიამ შესწავლა და დაადგინა, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის მფლობელის ცვლილება შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ საბაზრო წილსა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებზე გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V.“-ის მიერ შეძენაზე ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია და ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V“-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად ჯერ – ჯერობით წილებს ისევ ინა გუდავაძე ფლობს.”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g