მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა გიორგი სოფრომაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განცხადება წაიკითხა და საზოგადოებას აქციის მონაწილეების პოზიცია გააცნო.
„ჩვენ შემოვედით საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება.
ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად.
საზოგადოებრიუვი მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ.
გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენ ბრძოლაში.
მოვითხოვთ მთავრობისგან გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი“,- განაცხადა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილემ.
ამჟამად აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დატოვეს და აქცია მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. მათ ასევე, ხვალ 17:00 საათზე აქციის განახლება დააანონსეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერ აქციაზე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ტელევიზიის შენობაში ცოტა ხნის წინ შეიჭრა.
ისინი ხუთ წუთიან ეთერს ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდმჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს.
აქციას მოძრაობა „მწვანე მუშტი, „აუდიტორია 115-ის წევრები, ასევე პორფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მართავენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას შეუერთდნენ „ფრესკოსა“ და , „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები, ასევე ქსნისა და ტყიბულის მეშახტეები.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან.