„თელმიკომ“ და „თელასმა“ არასწორად დარიცხული თანხები 400 ათას აბონენტს დაუკორექტირეს. როგორც დღეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუმარტა, „თელასის“ და „თელმიკოს“ მიერ მოხდა მომხმარებლებისთვის ივლისი-აგვისტოს დასაწყისში მოხმარებული ენერგიის საფასურის არასწორი დარიცხვა, შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა, ორივე კომპანიას დაევალა არასწორად დარიცხული თანხების კორექტირება.
„კომპანიებს მიეცათ ერთთვიანი ვადა ყველაფრის მოსაწესრიგებლად. შემოწმდა 650 ათასი აბონენტის მონაცემი, საიდანაც 400 ათასი დაკორექტირდა. კორექტირების შედეგად, ზედმეტად დარიცხული თანხები შეადგენს მილიონ სამასი ათას ლარზე მეტს. მათ შორის, თითქმის 200 ათასამდე აბონენტის მონაცემები „თელასმა“ დააკორექტირა, 200 ათასზე ოდნავ ნაკლები – „თელმიკომ“. მომხმარებლებს ეს დაკორექტირებული თანხები აესახათ ბაზაში და მოკლეტექსტური შეტყობინებები გაგეგზავნათ“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, თუ მაინც, მომხმარებლები ჩათვლიან, ან ნახავენ, რომ კვლავაც ადგილი აქვს არასწორ დარიცხვას, მარეგულირებელი კომისია მზად არის, მიიღოს ყველა განაცხადი.
„ორივე კომპანია გავაფრთხლეთ, რომ კვლავ ადგილი ექნება მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვას და არასწორი დარიცხვები მოხდება, მარეგულირებელი კომისია კვლავაც იმსჯელებს ამ საკითხზე და უკვე ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება კანონის შესაბამისად“, – დასძინა ნარმანიამ.