თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. ახალი ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პროკურატურამ ასევე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც 20 წლის ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეში ბლაგვი საგნით ჩარტყმის შედეგად. ბრალის დამძიმების მიუხედავად, ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას გრიგალაშვილის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ აქვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოტიაშვილმა განუცხადა, მას უკვე დანიშნული აქვს ალტერნატიული ექსპერტიზები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აირჩევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა 22 მაისაა ჩანიშნული.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.