დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ, განზრახ დაწვეს. შსს “ფორტუნასთან” ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა “ქრონიკის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია.
“ქრონიკამ” გაარკვია, რომ დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ არის.
გამოძების ფარგლებში ის მესაკუთრეებიც გამოიკითხნენ, რომელთა პროდუქციაც დაიწვა.
ვინ არის ხანძრის შედეგად დაშავებული ზ.მ. – არ იციან არც დამწვარი საწყობის მფლობელებმა და არც საწყობში არსებული ინვენტარის მესაკუთრეებმა. “ქრონიკის” ინფორმაციით კი, რომელსაც ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, ზ.მ.-მ საღამოს ათი საათისთვის შეაღწია ტექნიკის საწყობში, ინვენტარს წაუკიდა ცეცხლი და სიმაღლიდან გადახტა, რა დროსაც მან მიიღო მძიმე მოტეხილობა წვივის არეში.
ამის შემდეგ მან სავარაუდოდ, გონება დაკარგა და ის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული შენობიდან.
შემთხვევის ადგილზე საგამოძებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ დაკავებული არავინ არის, გამოძიება კი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დამწვარ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინაკლისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.