ტერორისტული აქტი ლონდონში – “ლონდონ-ბრიდჯსა” და ბორო მარკეტის რაიონში მომხდარ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულების რაოდენობას ჯერ კიდევ ითვლიან. ამ დროისთვის საავადმყოფოში 30 ადამიანია გადაყვანილი.
ბრიტანელი სამართალდამცველების ცნობით, გარდაცვლილებს შორის სამი თავდამსხმელია, რომლებსაც პოლიციამ ესროლა.
“ლონდონ ბრიდჯზე” თეთრი მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაეჯახა. შეჯახების შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც ავტობუსში იყვნენ, ადგილობრივ მარკეტში შეიჭრნენ, შემდეგ ბარებსა და კაფეებში ხალხს თავს დანით დაესხნენ.
პოლიცია მათ დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში ესროდა.
პოლიცია ფიქრობდა, რომ თავდამსხმელებს ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდათ, თუმცა ეს ეჭვი არ გამართლდა. ტერორისტულ აქტზე გამოძიება დაიწყო.
დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც.
ბოლო ტერორისტული აქტიდან, რომელიც მანჩესტერში, საკონცერტო დარბზთან მოხდა, 2 კვირა გავიდა. წინა შემთხვევას 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლონდონში კი, თავდასხმა ბოლოს მარტში მოხდა: ავტომობილი ვესტმისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი თავდამსხმელმა პოლიციელი დანით დაჭრა.