LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Terratend Robotics – სტარტაპი, რომელიც ფერმერებისთვის მოსავლიანობას გასაზრდელად აგრორობოტს ქმნის

550
ანა კაკაბაძე

სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური ინოვაციები სულ უფრო დიდ როლს თამაშობს, თუმცა ამ სფეროში ქალთა ლიდერობა ჯერ კიდევ იშვიათი მოვლენაა. სწორედ ამ ტენდენციის შეცვლას ცდილობს Terratend Robotics – ქართული სტარტაპი, რომელიც აგრორობოტიკის მიმართულებით მუშაობს და ფერმერული პროცესების ავტომატიზებაზეა ფოკუსირებული.

ანა კაკაბაძე, Terratend Robotics-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რობოტიკის ინჟინერი:

– ფერმების უდიდესი ნაწილი საქართველოში, და გლობალურადაც, მცირე და საშუალო ზომისაა, თუმცა ეს სეგმენტი ტექნოლოგიურად ყველაზე ნაკლებადაა მომსახურებული. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ მცირე და საშუალო ფერმები, რომლებიც დელიკატურ კულტურებში (მარწყვი, მოცვი, ბოსტნეული და სხვა) არიან სპეციალიზებულნი, ვერ იყენებენ მძიმე ინდუსტრიულ ტექნიკას – გაბარიტიანი, ხისტი და არაზუსტი აპარატურა მათი ინფრასტრუქტურისთვის არაეფექტურია. ამიტომ ფერმერებს მრავალრიცხოვანი და მრავალპროფილური მუშახელის დაქირავება და მართვა უწევთ. შედეგად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე რეგულაციების გამკაცრების ფონზე, ვიღებთ მუშახელის დეფიციტს, მზარდ ხარჯებს, ხარისხის პრობლემებს, მოსავლის დანაკარგს და მასშტაბირების ბარიერებს. სწორედ ეს პრობლემები დავინახე აგროტექის ერთ-ერთ ჰარდვეარ პროექტზე მუშაობისას და ამიტომაცაა, რომ დღეს Terratend-ში კომპაქტურ, ავტონომიურ „დამხმარე“ რობოტებს ვქმნით.

– თქვენი სტარტაპის სახელწოდება რომ განგვიმარტოთ და იმაზეც ვისაუბროთ, რა დრო დაგჭირდათ, იდეა რეალობად რომ გექციათ.

– სახელწოდება Terratend Robotics პირდაპირ გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას – terra ნიშნავს მიწას, tend კი ზრუნვას. ჩვენი მიზანი ისეთი ტექნოლოგიის შექმნაა, რომელიც ფერმერებს მიწაზე ზრუნვას გაუმარტივებს და მოსავლიანობას გაუზრდის.

გუნდის ტექნიკური კომპეტენციის წყალობით სწრაფად შევქმენით საწყისი კონცეფცია. იდეის ვალიდაციისთვის გამოვკითხეთ ფერმერები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, ამ გამოკითხვის საფუძველზე რამდენჯერმე დავხვეწეთ მიდგომა, სწორი მიმართულების დასადასტურებლად ვითანამშრომლეთ ნორვეგიელ ფერმერებთან და სხვადასხვა კომპანიასთან, მონაწილეობა მივიღეთ წამყვან აგრიტექ გამოფენებში და წარმოვაჩინეთ ჩვენი ხედვა. 

ამჟამად აგრორობოტის პირველ სამუშაო ვერსიაზე (MVP) ვმუშაობთ (ვამზადებთ ნავიგაციის სისტემას, ვამოწმებთ სენსორებსა და რბილ რობოტულ ხელებს, ვტესტავთ ალგორითმებს რეალურ და სიმულაციურ გარემოში), რომლის დასრულებასაც 2026 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ. სწორედ ამის შემდეგ მოეწყობა მისი პირველი საპილოტე ტესტირება ქართულ ფერმებსა და სათბურებში.

– რომ წარმოგვადგენინოთ, როგორ მუშაობენ ეს აგრორობოტები, რა ტიპის დახმარებას უწევენ ფერმებს, რა ფუნქციონალი გააჩნიათ?

– წარმოიდგინეთ კომპაქტური რობოტი ბორბლებზე, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება სათბურებსა და ველებში და ავტონომიურად მართავს კულტურის სრულ ციკლს: დარგვას, სასუქის მიწოდებას, სარეველას მოცილებას, მცენარის ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მოსავლის აღებას.

ჩვენი ხედვით მართული აგრორობოტები აღჭურვილია რბილი რობოტული ხელებით და MEMS ტაქტილური სენსორებით, რომლებიც ადამიანის შეხების შეგრძნებას იმეორებენ, ხოლო ხელოვნური ინტელექტი მათ ადამიანურ მოქნილობას ანიჭებს. მოდულარული დიზაინი საშუალებას იძლევა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალი – დღეს ეს ყველაფერი უკვე რეალობაა თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის (AI) და Starlink კავშირის წყალობით.

– რა არის საჭირო ამ რობოტების ბაზარზე ჩასაშვებად და როგორ განსაზღვრავთ მათ ღირებულებას იმისთვის, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს მცირე და საშუალო ზომის ფერმებისთვის?

– რობოტების ბაზარზე ჩასაშვებად საჭიროა MVP-ის დასრულება და მისი ტესტირება ქართულ ფერმებსა და სათბურებში. მიღებული მონაცემებით შევქმნით ვერსია 2.0-ს და მასშტაბირებას ახალ ბაზრებზე დავიწყებთ (კავკასია, ნიდერლანდები, ნორვეგია და სხვა).

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რობოტზე ყველას ჰქონდეს წვდომა. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ მოქნილი ბიზნეს მოდელი: რობოტს მივყიდით როგორც ფერმებსა და სათბურებს, ისე აგროსერვისის პროვაიდერ კომპანიებს, რომლებიც რობოტების ქირაობის შესაძლებლობას შესთავაზებენ იმ ფერმერებს, ვისაც მათი შეძენის შესაძლებლობა არ ექნება. ამ გზით ჩვენი რობოტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

– საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი გრანტის მიღებამდე, სხვა პროგრამებში თუ გიცდიათ ბედი და ზოგადად, ვისი მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება თქვენნაირ სტარტაპს პროექტების მეტად განვითარებისთვის?

– ამ გრანტამდე არაერთ პროგრამაში/გამოფენაში ვცადეთ ბედი და წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა. GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი ჩვენთვის იყო არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ სიგნალი, რომ ინოვაციურ ტექნოლოგიებსაც აქვს ადგილი საქართველოში. შემდეგი ნაბიჯი უკვე კერძო ინვესტიციებია, რომლებიც დაგვეხმარება პროდუქტის მასშტაბირებაში და ახალი ბაზრების ათვისებაში. ამ პროცესში ფერმერების ჩართულობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი გადამწყვეტი იქნება, რათა Terratend-ი საქართველოდან გლობალურ ბაზარზე გავიდეს.

– თქვენი გუნდიც გაგვაცანით, ვისთან ერთად წამოიწყეთ ეს საქმე?

– Terratend Robotics-ის სათავეში ორი ქართველი ქალი დამფუძნებელი ვართ. ტექნოლოგიაში, სადაც, ტრადიციულად, მამაკაცები დომინირებენ, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ქალებსაც შეგვიძლია გლობალური ინოვაციების შექმნა. ჩვენი გუნდი მთლიანობაში ოთხი სპეციალისტისგან შედგება და ფარავს სრულ ციკლს – რობოტული და პროგრამული ინჟინერიიდან ბიზნესის განვითარებამდე. ჩვენი გამოცდილება მოიცავს წარმატებით განხორციელებულ პროექტებს ქათმის ფერმებში, თხილის პლანტაციებში, სათბურებში და საირიგაციო სისტემებში. ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია უფრო ამბიციური მიზნებისკენ სვლა – შევქმნათ რობოტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ფერმერებს დაეხმარება, არამედ მსოფლიო ბაზარზეც კონკურენტუნარიანი იქნება.

Dio magti 5g