კომპანია Tesla დათანხმდა კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რომლის მიხედვითაც მწარმოებელი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს. ამ შტატში Tesla ვეღარ გამოიყენებს მძღოლის ასისტენტ სისტემებთან მიმართებაში ტერმინებს – „Autopilot“ და „Full Self Driving“.
სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გამოიტანეს. მარეგულირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ სახელწოდებები Autopilot და Full Self Driving ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ელექტრომობილებს სრულად დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, რაც რეალობას არ შეესაბამება. კომპანიას დაემუქრნენ შტატის ტერიტორიაზე გაყიდვებისა და წარმოების შეჩერებით, რის გამოც Tesla-მ მოთხოვნის შესრულება არჩია.
გლობალურ დონეზე გამოყენებული დასახელებაც შეიცვალა. თუ ადრე სისტემა Full Self Driving („სრულად ავტონომიური მართვა“) ეწოდებოდა, ახლა ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია ფორმულირება Full Self Driving (Supervised) – ანუ „სრულად ავტონომიური მართვა (ზედამხედველობით)“. ამით კომპანია ხაზს უსვამს, რომ ელექტრონიკის ჩარევის მიუხედავად, ავტომობილი კვლავ მძღოლის სრულ კონტროლს საჭიროებს.

სხვა რეგიონებში Tesla-ს კვლავ შეუძლია ძველი ტერმინების გამოყენება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში კომპანიამ შესაძლოა მთლიანად უარი თქვას „Autopilot“-ის ბრენდზე. მისი ადგილი საბაზისო ვერსიებში ადაპტურმა კრუიზ-კონტროლმა დაიკავოს, ხოლო უფრო ძვირად ღირებულ მოდელებზე სისტემა Full Self Driving (Supervised) დარჩეს.
თებერვლის შუა რიცხვებიდან ეს ფუნქცია მხოლოდ გამოწერით იქნება ხელმისაწვდომი და თვეში 99 დოლარი ეღირება.