LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

33

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

როგორც ბექა წიქარიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს 15:00 საათზე დაიწყება პერმანენტული აქცია, რომელიც არ დამთავრდება მანამდე, ვიდრე უმაღლესი თანამდებობის პირები არ დატოვებენ თანამდებობებს.

გარდა ამისა, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

„დღეიდან საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით, ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება გვეკუთვნის ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოებას, ხალხს და არა სადღაც სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს, მარიონეტულ რეჟიმებს და სამარცხვინო პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლო პერიოდია, მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ მოახდინონ საღი აზრის დისკრედიტაცია, მოახდინონ იმ ადამიანების დისკრედიტაცია, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ჯანსაღი მომავლისთვის. მათ პირდაპირ ვადანაშაულებ სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ ღალატში. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ მოემზადონ პერმანენტული აქციისთვის. დღევანდელი აქცია არ დამთავრდება დღეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც არავითარ შემთხვევაში აღარ დავტოვებთ პროტესტის ადგილს.
ჩვენი მოთხოვნებია: პირველი – დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – მმართველ ძალაში, ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, რომ გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს, რადგან ჩვენ ვაყენებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა, რომელმაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნები გაახმოვანა.

magti 5g