„აჭარული ხაჭაპური – ნავის ფორმის ქართული ყველიანი პური“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი კერძის შესახებ სტატიას.
სტატიის ავტორი დანიელა გალარსა წერს, რომ საქართველოში ხაჭაპურის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ფორმის თვალსაზრისით გამორჩეული აჭარული ხაჭაპურია, რომლის სამშობლოც ქვეყნის შავი ზღვისპირა რეგიონია. ნავის ფორმის პურის გულსართად იმერული ყველი და სულგუნია გამოყენებული, ხოლო მოსართავად – კვერცხის გული და კარაქის ნაჭერი.
სტატიას დართული აქვს აჭარული ხაჭაპურის კარლა კაპალბოსეული რეცეპტი წიგნიდან „აჭარული ხაჭაპური და სხვა გულსართიანი პურები“ (Pallas Athene Publishers, 2018). წიგნის ავტორი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობის მსურველებს, იმერული ყველისა და სულგუნის ვერ შოვნის შემთხვევაში, მოცარელას, ფეტასა და თხის ყველის ნაზავის გამოყენებას ურჩევს.