“საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული პოლიტიკური რეკლამის ხარჯები: 2008-2020 წლებში” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მილიონი ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მილიონი ლარი, ანუ დახარჯული ფულის 59%, პოლიტიკურ რეკლამებზე მოდიოდა.
- “ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.
- სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო.
- საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი – 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა – 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა.
- წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია – 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს – 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია – 2012-2020 წლებში ჯამში 1 მლნ ლარამდე”
ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული, განსაკუთრებით, 2008-2011 წლებში.
ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ.