LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის კამპანია აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით 

592
თიბისი

ამ ვიდეოს ვუძღვნით აგვისტოს ომში და შემდგომი ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს, საკუთარი სახლებიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი; საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა 20 000-ზე მეტი ადამიანი, საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი; ოკუპაციამ დააშორა ადამიანები, შუაზე გაყო სახლები, ეზოები, სალოცავები, მინდვრები და ვენახები. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს მავთულხლართებს მიღმა უწევთ ურთიერთობა. დღემდე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც თან სდევს ოკუპანტების მხრიდან ადამიანების მკვლელობები, გატაცებები და უკანონო დაპატიმრებები.  

თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. ჩვენი ბრენდისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებზეც ვაშენებთ ყველა დანარჩენს.  გვჯერა, რომ ოკუპაცია და ყველა მავთულხლართი დროებითია და რომ ორივე მხარეს საქართველოა. დიდება გმირებს! 

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების შეძლებისდაგვარად გასამარტივებლად, თიბისი ორ საქველმოქმედო პროექტს დაუჭერს მხარს:  

ნატვრის სახლი სოფელ ერგნეთში 

ფონდი „ინდიგო“ რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, მავთულხლართიდან 250 მეტრში მუშაობს. აქ მცხოვრები ბავშვების დიდი სურვილია, აშენდეს „ნატვრის სახლი“, რომელშიც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას, განათლების მიღებას და განვითარებას შეძლებენ. ამ სახლისთვის „ინდიგოს“ უკვე აქვს არქიტექტურული პროექტი და ახლა აშენებისთვის საჭირო თანხის მობილიზებაზე მუშაობს. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ პროექტს მხარი დაუჭირა და მის განსახორციელებლად 10 000 ლარი გამოყო.  

სოფელ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი 

თიბისი არის მეკლდეურთა კლუბის მიერ სექტემბერში დაგეგმილი ცოცვის ფესტივალის მხარდამჭერი, რომელსაც 10 000 ლარით დაეხმარება. კლუბი დაარსდა 2015 წელს ნიქოზში და აერთიანებს 30-მდე ახალგაზრდას, რომელიც სპორტულ ცოცვაში ვარჯიშობს. ბავშვები არიან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებიდან. 2017 წლიდან კლუბი იღებს მონაწილეობს საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა ტურნირში; აქვს მოგებული პრიზები, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონობაც. ფესტივალი ჩატარდება 6 სექტემბერს, სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 10 წლამდე, 12 წლამდე და 14 წლამდე. ფესტივალში მონაწილეობას საშუალოდ 70 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან: ნიქოზი, ბედიანი, ქუთაისი, ყაზბეგი და სხვა.  

სპორტული ცოცვა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სპორტად არის დასახელებული. საქართველოშიც დღითიდღე იმატებს მოყვარული მეკლდეურების რაოდენობა. ფესტივალის ჩატარების მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტული ცოცვის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას და რეგიონის მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას. ნიქოზი უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს და სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია, ასეთ რეგიონში მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g