LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიკური კოლხეთის ქალაქი ვანი, თიბისის მხარდაჭერით, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

376
თიბისი

თიბისის მხარდაჭერით და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გამოფენას „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ მასპინძლობს.

ექსპოზიცია, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილა დამთვალიერებელმა, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი.

დამთვალიერებელი იმოგზაურებს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნობა რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას – ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.

სკულპტურები, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭელი, კერამიკული და ოქროს ნაკეთობები, სახელგანთქმული კანოპების (ცხედრის ფერფლის შესანახი ჭურჭელი, რომლებიც კიუზის არეალისთვის იყო დამახასიათებელი) და მრავალი სხვა უნიკალური ნივთი დამთვალიერებლისთვის ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. გამოფენილ ექსპონატებს შორისაა კოლხეთთან დაკავშირებულ ორ ნაკეთობაც: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის თასი და ძვ.წ.300-275 წლების ბრინჯაოს სარკე არგონავტების მითის გამოსახულებით.

გამოფენა საქართველოში ხორციელდება თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით, იტალიური კომპანიის Glocal Project Consulting და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g