გადაცემის სტუმარი მომღერალი თიკა ჯამბურია იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების გარშემო წარიმართა.
– თიკა, როდესაც იყავი ძალიან პოპულარული, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი?
– 9 წლის ვიყავი, როდესაც გამოვიდა „ჯეირანი“, მაშინ დაიწყო ყველაფერი კარგი. 14 წლამდე აქტიურად ვიყავი ჩართული სიმღერაში, ამის შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა. საშუალოდ 5 წელი გამოდის.
– იმ პერიოდში სკოლის მოსაწავლე იყავი, გქონდა თუ არა თავში ავარდნილი პოპულარობა?
– არა, უბრალოდ ვიყავი ძალიან ცელქი მოსწავლე. არასოდეს მისარგებლია რამე პრივილეგიით, პირიქით, ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი და ძალიან მეგობრულიც. ამბიცია არასოდეს მქონია. ამაში ნებისმიერი ჩემი კლასელი და სკოლელი დაგეთანხმებათ.
ძალიან მენატრება ის დრო, როდესაც გადატვირთული გრაფიკი მქონდა, ყოველ დღე კონცერტი იმართებოდა და სპორტის სასახლე მართლა ბოლომდე ივსებოდა. ქალაქგარეთ რომ გავდიოდით, მაშინ ვგებულობდი რამდენი მსმენელი გვყავდა რეალურად.
– როგორ ფიქრობ, რისი ბრალია ახლა რომ აღარ არის ეს ყველაფერი?
– ტენდენციაა ისეთი, რომ ქართველი მომღერლის მოსმენა ბევრს „უტყდება“. შეიძლება დღეს გაცილებით უფრო გემოვნებიანი მუსიკა იქმნება, მაგრამ დამოკიდებულებაა ასეთი.
– კონკურენციის მომენტი თუ ყოფილა იმ პერიოდში?
– მე და ნინი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით მთელი ცხოვრება და კონკურენცია არ გვქონია. მე და მარიკაც ძალიან დავახლოვდით და შემდეგში დავნათესავდით ანუ ჩვენში, მაშინდელ ბავშვებში, არ ყოფილა კონკურენცია. პირიქით ყოფილა შემთხვევა, რომ უფროსები გვეჯიბრებოდნენ.
– როგორ მოხდა, რომ ეს ყველაფერი უცებ დასრულდა?
– ჩემს შემთხვევაში იყო ის, რომ გავთხოვდი, ჩავაბარე ინსტიტუტში და ნაკლებად განვიცადე, რომ ის ყველაფერი დასრულდა, რადგან ახალი ცხოვრება მქონდა დაწყებული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მას შემდეგ ყველა გადაცემაში მეძახიან პირადზე ან წონაზე სასაუბროდ. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ არ ვარ ადამიანი, რომ ამ ყველაფერს განვიცდიდე, მაგრამ მართლა ძალიან დავიღალე.
– რა რეაქცია გაქვს ხოლმე, როდესაც შენს შესახებ გავრცელებულ სტატიას კითხულობ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება?
– იყო დრო, როდესაც ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა ძალიან ვბრაზდები. მგონია, რომ როდესაც ადამიანზე რამე გინდა დაწერო, უნდა დაწერო მასთან შეთანხმებით და არა ის, რაც თავად გინდა, რომ იყოს. ბოლო დროს რამდენიმეს დავუკავშირდი და წაშლა ვთხოვე, რაც აქამდე არ გამიკეთებია. ყველაფერი იმიტომ, რომ ბავშვი არის უკვე გარეული და არ მსიამოვნებს. ჩემზე რაც უნდათ ის წერონ, მაგრამ ბავშვის ჩარევის უფლებას არავის მივცემ.
– რას ეტყვი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ასე არიან ჩასაფრებულები?
– თავი დამანებონ, რადგან უკვე მართლა ძალიან დავიღალე. შიშით ვეღარაფერი დამიწერია და ჩემი მეგობრები სულ მაგაზე ხალისობენ. დაანებონ ჩემს წარსულს თავი, რადგან ბექას უკვე ახალი ცოლი ჰყავს და აღარ არის საჭირო ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება. მკითხონ ჩემს ახალ ცხოვრებაზე, ოღონდ მკითხონ და ისე დაწერონ.
– როგორია შეყვარებული თიკა?
– არ მახსოვს. დიდი ხნის წინ ვიყავი შეყვარებული, ახლა 24 წლის ვარ, 14-ის ვიყავი ბექა რომ გავიცანი, 18-ის გავთხოვდი და 20-ის ვიყავი ნინა რომ გავაჩინე. მე და ბექა ერთად გავიზარდეთ და კარგად მახსენდება ყველაფერი, რადგან რაც ყველაზე მთავარია ნინა გვყავს.
– არსებობს თუ არა შენს ცხოვრებაში ადამიანი, ინტერესის ახალი ობიექტი?
– საყვარელი ადამიანი არ არსებობს, თუმცა არსებობს ადამიანი, ვისაც ვეფლირტავები.
– ემოციურობის ფონზე დაშორდით შენ და ბექა თუ შეგნებულად?
– საბოლოოდ დაშორება გაცნობიერებულად მოხდა. არსებობს რაღაცეები, ბზარები, რასაც ვეღარავსებს. მართლა ასე მოხდა და საბოლოოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ამის შემდეგ ვმეგობრობდით, თუმცა ახლა ისე ყველაფერი მინიმუმამდეა დაყვანილი.
– როგორი მამაა?
– კარგი მამაა, როგორც ახერხებს კარგი მამაა.
– როგორც ვიცი საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვს ყოფილ დედამთილთან
– კი, ხათუნა კარგი ბებიაა, რასაც ძალიან ვაფასებ. ძალიან უყვარს ნინა და ჩემთვის ეს არის მთავარი.
– დაიწყე ახალი ცხოვრება, გაქვს ახალი სამსახური, რომელიც შენი სფეროსგან შორის არის, როგორი ეგუები ამ ყველაფერს?
– თავიდან თანამშრომლები ერიდებოდნენ ჩემთან ურთიერთობას, არ ვიცი რა ეგონათ. ახლა ყველაფერი კარგად არის, მიყვარს ყველა და მეც ვუყვარვარ. მიხვდნენ, რომ თიკა ჯამბურიაც რიგითი ადამიანია.
– ბავშვთან თუ ახერხებ დროის გატარებას?
– თავისუფალი დრო როდესაც მაქვს, მაშინვე ნინასთან გავრბივარ. ბევრჯერ ყოფილა, რომ მივსულვარ სახლში, დამიძინებია და მერე გავსულვარ მეგობრებთან.
– რატომ გადაწყვიტე პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობის მიღება?
– ჩემი მთავარი მიზანი იქ მონაწილეობისთვის იყო ის, რომ დამემტკიცებინა, რომ წონას და ზომას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც შეგიძლია რომ იცეკვო. პროექტის ამერიკულ ვარიანტში ერთ სეზონზე გამარჯვებული ჩემზე ათჯერ დიდი წონის მქონე გოგონა გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჭარბწონიანების სტიმული იყო და ჩემთვისაც ასე იყო. პროექტის განმავლობაში დავიკელი 12 კილო და მართლა კარგი შედეგი მქონდა. დღემდე მენატრება ეგ დრო და სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას კიდევ ერთხელ.
– აზარტული თუ ხარ?
– ძალიან აზარტული ვარ.
– რომელია შენი საყვარელი სუნამო?
– Calvin Klein-ის „Limited edition”, რომელიც ხატია შამუგიამ სამი წლის წინ მაჩუქა და რომელიც აღარ გამოდის. ძალიან მომწონს.
– რომელია შენი საყვარელი საავტომობილო მარკა?
– მერსედესი.
– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გაატარებდი ზაფხულს?
– ტაივანში. თუმცა წელს ძალიან კარგ საჩუქარს ვუკეთებ ჩემს თავს და 6 აგვისტოს ევროტურში მივდივარ.
– რა არის საუკეთესო დოპინგი შენს ცხოვრებაში?
– ნინა.
– იტყუები ხოლმე?
– კი, ოღონდ მსუბუქი ტყულით.
– ტანსაცმლის რომელ ბრენდს ანიჭებ უპირატესობას და სად გიყვარს შოპინგი?
– თუ საზღვარგარეთ ვარ, ვყიდულობ იქ. ამოჩემებული ბრენდი არ მაქვს, თუმცა ძალიან მომწონს „Margiela”.
– რა გაღიზიანებს ადამიანში?
– როდესაც ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებულია.
– რამდენად კრიტიკული ხარ?
– ზოგადად სხვების მიმართ არა, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ.
– პატიება შეგიძლია?
– კი, შემიძლია, თან ძალიან ადვილად.
– როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– ძალიან კარგი, მიყვარს თქვენი რადიო და მშვენიერი დროც გავატარე. წარმატებებს და უფრო მეტ მსმენელს გისურვებთ.
აუდიოჩანაწერი