LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანი: „დიდი ტკივილია, რომელთან ერთადაც ცხოვრებას დღემდე ვსწავლობ… ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა ჩვენს თავს. კი გავიდა უკვე 4 წელი, თუმცა მაინც…“

512
თიკა-მახალდიანი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი თიკა მახალდიანი, რომელიც კარიერასა და პირადზე დასმულ კითხვებს პასუხობს.

თიკა, როგორ დაიწყე სიმღერა?

დედაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მემღერა. ვემზადებოდი ვოკალში, საგუნდო სიმღერაში, დავდიოდი სხვადასხვა სტუდიაში. ფორტეპიანოზე ხათრით ვიარე, არ მიყვარდა, შემაჯავრა მასწავლებელმა. სკოლაში მიუზიკლებს ვდგამდით ხოლმე. ეზოში Spice Girls-ის კონცერტებს ვაწყობდით . შემდეგ სხვა პროფილით წავედი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკა ავირჩიე. კარგად მახსენდება, უამრავი მეგობარი შევიძინე იქ. მაგრამ ბოლოს მაინც სიმღერა ავირჩიე.

რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება შოუბიზნესში?

თავის დამკვიდრება დღემდე ძალიან რთულია, მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის, დღემდე ამოუხსნელია, რა არის საჭირო, ალბათ, გამართლება. ბევრ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. 16 წლის ასაკში „ნუცას სკოლაში“ მივედი. შემდეგ იყო „ჯეოსტარი“, სწორედ მან გამიკვალა გზა.

პირველი მარცხი და პირველი წარმატება…

როცა „ჯეოსტარი“ დავტოვე, ძალიან განვიცადე, 18 წლის ვიყავი, თუმცა მივხვდი, რომ მალე შემეძლო ფეხზე წამოდგომა. რაც შეეხება წარმატებას, ესეც „ჯეოსტარი“ იყო, დღემდე მახსოვს უამრავი ადამიანის სითბო და სიკეთე. მახსოვს ჯგუფ „შინთან“ ერთად კონცერტი ფილარმონიაში, სადაც აფხაზური სიმღერა შევასრულე და შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე, როგორ გაართვი თავი ასეთ ურთულეს კომპოზიციას-მეთქი.

საქართველოს დატოვებაზე თუ გიფიქრია როდისმე?

ვერა, არ შემიძლია, დასასვენებლად როცა მივდივარ, სულ მენატრება თბილისი.

კოვიდის დროს ორმაგად რთული პერიოდი გადაიტანე, დედა გარდაგეცვალა…

ეს იყო ბომბი, შოკი, დიდი ტკივილია ჩემში, რომელთან ერთადაც ცხოვრებას დღემდე ვსწავლობ. ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა ჩვენს თავს. კი გავიდა უკვე 4 წელი, თუმცა მაინც.

როგორი დიასახლისი ხარ?

ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემს შვილს კომფორტი ჰქონდეს, სადილის მომზადებასაც ვცდილობ, დალაგებასაც, თუმცა, რომ გითხრათ, მაგარი დიასახლისი ვარ, მოგატყუებთ.

როგორც ვიცი, ახალი სიმღერა ჩაწერე

ეს სიმღერა არის სიახლე, განსხვავებული ჟანრია, ელექტრონული მუსიკის ელემენტებით. ჩემი მეგობრის, ბაჩო ამანათაშვილის კომპოზიციაა, გიორგი დათიაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. ამჯერად ინგლისურენოვანი ტექსტი აქვს. მალე პრემიერა გველის, კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები