გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი თიკა მახალდიანი იყო. საუბარი მისი კარიერის დასაწყისის, განვითარების, ამჟამინდელი საქმიანობის, პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ წარიმართა.
– როდის გადაწყვიტე, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყავი?
– ბავშვობიდან მინდოდა მომღერლობა. პირველი საშუალება რომ გამოვჩენილიყავი საზოგადოებაში იყო პროექტი „ნუცას სკოლა“, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ მომღერალი ვიქნებოდი. მაშინ 15 წლის ვიყავი. მას მოჰყვა „ჯეოსტარი“, სადაც კიდევ უფრო განვვითარდი.
– პროექტის დასრულების შემდეგ რა მოხდა?
– პროექტის დასრულების შემდეგ, ინერციით ისევ ის მუხტი იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ ცოტა ჩაცხრა და ნელ-ნელა ისევ ყოველდღიურობას დავუბრუნდი.
– შეგცვალა კონკურსმა?
– პიროვნულად არა, რაც ვიყავი ისევ ის ვარ და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი.
– რა იყო კონკურსის მეორე ეტაპი?
– იყო სხვადასხვა პროექტები, კონცერტები, კორპორატიული საღამოები. ვცდილობდი, არ დამეკარგა მოწოდების სიმაღლე.
– შემოქმედებითად რამდენად გაიზარდე?
– „ჯეოსტარი“ ისეთი პროექტი იყო, რომ მასში მონაწილეები თითქოს დღესაც არიან აქტუალურები, გამოზარდა ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც ისევ მოთხოვნადები არიან. მის ფარგლებში ყველა ჟანრში ცდი ძალებს და შესაბამისად ასე თუ ისე რაღაც გამოდის. ზოგის შემთხვევაში უფრო მეტად, ზოგის – ნაკლებად, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ძალიან კარგი გამოცდილებაა.
– დღეს რეალიზებული მომღერალი ხარ?
– ბევრ ადგილას ვმუშაობ და საქართველოში სხვა მეტი რა უნდა გააკეთო, არ ვიცი. ცოტა რთულია აქ მოღვაწეობა.
– მეუღლე როგორ ეგუება შენს გადატვირთულ გრაფიკს?
– უხარია და ხელს მიწყობს ყველანაირად. მეხმარება ძალიან და მადლიერი ვარ ამის გამო.
– შენს ქორწილს სკანდალი მოჰყვა…
– კი, მეორე დღეს დიდი აგრესია წამოვიდა ჩემზე, რაღაც სულელური ფოტოს გამო, რომელიც ჩემმა მეუღლემ დადო და რამდენიმე მეგობარი მონიშნა. ჩავიქოლეთ რასაც ქვია (იცინის). ამ ყველაფერს მიჩვეული რომ ვყოფილიყავი, არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ საშინელება იყო. გული დამწყდა ძალიან და ბევრიც ვინერვიულე. ცუდი სათაურები ჰქონდა და ამან უფრო იქონია გავლენა. ხალხი წერდა, რომ ბარემ შიშვლებს გადაგვეღო… იმის მერე აღარ დაგვიდია ხალათში გადაღებული ფოტო (იცინის).
– დიასახლისობა თუ გამოგდის?
– შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. მთავარია ამისი დრო მქონდეს.
– როგორია შენი ცხოვრების სტილი, თუ მღერი სცენის მიღმა?
– მეგობრების გარემოცვაში ძალიან მიყვარს ყოფნა და თუ ეს მეგობრები მომღერლები არიან, სხვათაშორის არ ვმღერით და სხვა დეტალებზე ვართ გადართულები. როდესაც მარტო ვარ სახლში ხმას ვავარჯიშებ ხოლმე.
– შემოქმედებითი თვალსაზრისით ქართული შოუ-ბიზნესი რა ეტაპზეა შენი აზრით?
– ბევრი ვარსკვლავი გაიხსნა ბოლო დროს, გაიმართა საახალწლო კონცერტი და ა.შ. ესეც რომ არ იყოს გაცილებით უარესი იქნებოდა. ზოგადად, შენით უნდა გაიხალისო და არ უნდა ჩაკვდეს ეს სფერო. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და არ გამოდის შოუც და ბიზნესიც.
– თიკა, როგორც ვიცი, გაქვს ახალი სიმღერა…
– სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ორი დღის წინ გამოვიტანე სტუდიიდან და პირდაპირ თქვენთან მოვედი პრმიერისთვის.
– ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?
– ჯერ არ მაქვს იმდენი სიმღერა, რომ ალბომი ჩავწერო. მთლად სიმღერების რაოდენობაზეც არ არის… ვისთვის ჩავწერო? ისევ ნათესავები და თითოოროლა მსმენელი იყიდის. მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს?
– ამ ბოლო დროს წყნარი ადგილები მიზიდავს. ამიტომ სახლში, ჩემს მეუღლესთან ერთად.
– ვინ არის ადამიანი, ვისაც პირადად გაიცნობდი?
– ჩემი ოცნება იყო მაიკლ ჯექსონისა და უიტნი ჰიუსტონის კონცერტზე მოხვედრა, რომელიც სამწუხაროდ არ ამისრულდება.
– რას კითხავდი მათ?
– ალბათ ბედნიერებისგან ენა ჩამივარდებოდა და ვერაფერსაც ვერ ვკითხავდი. უბრალოდ ორივეს ძალიან ჩავეხუტებოდი.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი