დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი თავის კოლექციას ბელორუსიაში, მოდის კვირეულზე წარადგენს. კოლექციაში, რომელსაც ”სულის სიღრმეში” ჰქვია, მხოლოდ ქალის ხაზია წარმოდგენილი.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, მასალად ხავერდი, აბრეშუმი, შიფონი, ატლასი და სინთეტიკური ქსოვილებია გამოყენებული.
მისივე ინფორმაციით, ჟილეტების ფასი 150 ლარიდან, ხოლო კაბების 200 ლარიდან იწყება. რაც შეეხება პალტოებს, მათ შეძენას მომხმარებლები 360-700 ლარის ფარგლებში შეძლებენ.
”21-ე საუკუნეში ქალის სიძლიერე გამოიკვეთა, თუმცა ყველა ქალი შინაგანად არის სუსტი და დაუცველი. სწორედ ამიტომ ჰქვია ჩემს კოლექციას ”სულის სიღრმეში” და სწორედ ამიტომ არის სიფრიფანა კაბები, უხეში ნაჭრით შეკერილი ჯაკეტების შიგნით”, – განაცხადა მაღალაშვილმა.
როგორც დიზაინერმა განმარტა, კოლექციაში ასევე წარმოდგენილია მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმელი და ირაკლი ბახსოლიანის ჩანთები.
თინათინ მაღალაშვილის SHOW ROOM-ი ყაზბეგის 281 ნომერში მდებარეობს და კვირის გარდა ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.