თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
ჩეხეთში, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარმოდგენილი.
ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ (პროდიუსერები: თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში). ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება დღეს, 5 ივლისს. „მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 1946 წლიდან იმართება, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვან კინომოვლენად მიიჩნევა და ყოველწლიურად არაერთ საინტერესო ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს.