LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინეიჯერი, ბღუჯა ლარი, შოკუნიები – 8 დასამახსოვრებელი ფრაზა ლარზე, რომელიც დროს გაუძლებს

430
page 6797

გასული კვირის ბოლოს, ერთდღიანი გამყარების შემდეგ, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. ბოლო, ანუ 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8946 ლარი გახდა. ცვილებამ 0.0076 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2312 ლარი გახდა, მაშინ, როცა პარასკევის ვაჭრობის შემდეგ, ის 3.2037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0275 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად და ინფლაციური პროცესების თავიდან აცილების მიზენით, ეროვნულმა ბანკმა, ასევე გასული კვირის ბოლოს, სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 32 800 000 აშშ დოლარი შეისყიდა.  მიუხედავად ამისა, ეროვნული ვალუტა გუშინ ისევ გაუფასურდა. ბუნებრივია, ლარის არასტაბილური მდგომარეობა მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს და უმრავლესობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.

როგორც იცით, ლარის მკვეთრად გაუფასურების პროცესი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ გაუფასურების ტრენდი, ფაქტობრივად, მუდმივად მზარდია.

„ფორტუნამ“ გადაწყვიტა, ლარის კურსთან დაკავშირებული რამდენიმე დასამახსოვრებელი ფრაზა გაგახსენოთ, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, თანამდებობის პირებმა თქვეს და ამ ფრაზებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

დავიწყოთ უახლესი პერიოდით: 2019 წელი  

„ლარი არის თინეიჯერი“

„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად”, – ამ ფრაზის ავტორი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძეა, რომელმაც ლარის გაუფასურებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე შეფასებები მკითხაობის რეჟიმშია.

“დღეს მკითხაობის რეჟიმშია მოკლევადიანი ლარის კურსის შემთხვევაში შეფასებების გაკეთება. მეც მკითხავი ვიქნები თქვენთან.  მთავრობისა და სებ-ის კომპეტენციაში მე ეჭვი არ შემაქვს. ამ ნაწილში ყველა მუშაობს. რა თქმა უნდა იქონია სუბიექტურმა ფაქტორებმა გავლენები, ასევე მოქმედებს მეზობელ ქვეყნებში მაკროეკონომიკური პროცესები”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„შინაგანი რწმენა“

გაზის ტარიფი არ გაიზრდება, ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ამან შარშანაც გაამართლა - ნათია თურნავა

სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული.

ინფლაციის მაჩვენებელზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა და გაზის გაძვირების საკითხზე განმარტება გააკეთა. ნათია თურნავას შინაგანი რწმენა აქვს, რომ გაზი არ გაძვირდება.

„ივლისში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. გაზზე ტარიფები არ გაიზრდება. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„ირწმუნეთ ლარის“

ამავე, ანუ 2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვირჩია რომ ლარისადმი რწმენა გავაძლიეროთ. „საქართველომ დიდი გზა გაიარა და საკუთარი ვალუტისადმი რწმენა უნდა გაიძლიეროს, – ამის შესახებ 20 მაისს სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდიმ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან ეს არის დამცავი ბუფერი.

არანაკლებ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ლარის საკითხზე 2016 წელს გაკეთებული განცხადებები:

„დოლარით მეტი ლარი მოდის“

“ქართული ოცნების” წევრი ზაზა ხუციშვილი ლარის გაუფასურების შესახებ პრემიერ-მნისტრის განცხადებას გამოეხმაურა. “ვერ გეტყვით ზუსტად ამის შესახებ, რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურების გამომწვევ დადებით პროცესებში. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ძირითად პროდუქტებზე არცერთი პროცენტით მატება არ ყოფილა. მეორეს მხრივ, ამას აქვს ხოლმე, როგორც წესი, სხვა ეფექტიც, რომ, აი, მაგალითად, საქართველოდან გარე ვაჭრობა გაზრდილია 18%-ით ამ წელს შარშანდელთან შედარებით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ დოლარით უფრო მეტი ლარი მოსდით ადამიანებს, ანუ პროდუქტს უფრო მეტს ყიდულობენ… ეს დადებითი ეფექტიც აქვს ამას და არ ვიცი, ამას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ ეს მომენტი არსებობს. როცა ადამიანი 1000 დოლარით 2400 ლარს იღებს, ჩვენთან ნაყიდი პროდუქტი ექსპორტზე გასატანი, მას უფრო მომგებიანად უჯდება”,- განაცხადა ხუციშვილმა.

„ბღუჯა ლარი“

ლარის გაუფასურებაზე არ უსაუბრია იმ კონკრეტულ გამოსვლაში 2016 წელს ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ის ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას აფასებდა, თუმცა, მის მიერ სრულიად სხვა კონტექსტში ნახსენები „ლარი“, მაშინ საზოგადოებამ ყველაზე მეტად „აიტაცა“ და ვნებათა ღელვა დიდხანს გაგრძელდა.

„ტურიზმთან მიმართებაში ძალიან ბევრი შემიძლია გესაუბროთ. 2 მილიარდ 100 მილიონს აგენერირებს დღეს ტურიზმი. მე ავედი უშგულში და იქ ყველა სახლს აწერია გესტჰაუსი, სასტუმრო. ბავშვებისთვის სუვენირების  შეძენა მოვინდომე, ამოვიღე ჯიბიდან ფული და ძალიან გამიხარდა, იცით რა? როდესაც მე ქალბატონს 100-ლარიანი გავუწოდე იმისათვის, რომ რაღაც მეყიდა, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ფულის ბღუჯა ამოიღო. ახლაც ტანში მაჟრიალებს, რადგან სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი, ეს არის ტურიზმის გავლენა”, – თქვა ქუმსიშვილმა.

2015 წელი – „შოკუნიები“, „ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად“,  „შვებულებაში ვარ“

2015 წელს ლარი პერმანენტულად უფასურდებოდა, ამ ფაქტს უამრავი სასაცილო თუ სატირალი გამოთქმა უკავშირდება. ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ერთ-ერთია, რომელიც ალბათ დროს გაუძლებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა: “ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ჯანმრთელად”.

ლარის კურსის ხსენებაზე, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ნოდარ ხადურის ფრაზაც. ფინანსთა მინისტრმა მაშინ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ “შიდა შოკები არ გვაქვს, გვაქვს პატარა “შოკუნიები”.

ამავე წელს, პარლამენტის საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განმარტა: “ამჟამად შვებულებაში ვარ და რა სჭირს ლარს ვერ გეტყვით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g