LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოეული მოქალაქის შემოსავალი 600 ათასი დოლარით გაიზრდება – ქართველების გამდიდრების ერთადერთი გზა არსებობს

720
sigaribe mtavari

ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც წლიდან წლამდე ღარიბების რაოდენობა იზრდება, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ნახევარ მილიონამდე ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს – აი, ამ ქვეყანაში ყოველდღე გვეუბნებიან, რომ მსოფლიო რეიტინგებში ლიდერები ვართ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები თურმე გაუმჯობესდა და ყველაფერი კარგად არის.

დღეს მთელი მსოფლიო სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – სად არის საქართველო ამ ბრძოლაში, რას ებრძვის და როგორ, რატომ აწყობს მთავრობას ღარიბი მოქალაქეები და სად ხედავენ გამოსავალს ეკონომისტები, ამ თემაზე რადიო „ფორტუნამ“ კონკრეტული რჩევები მოისმინა.

ისინი გვეუბნებიან, რომ რაც არ უნდა ბანალური იყოს, სიღარიბის დასაძლევად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ და როგორი ჩამორჩენილი ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან შედარებითაც კი, ამაზე ჩვენ ვრცელი მასალა გასულ კვირას მოვამზადეთ. 

ქვეყნის ეკონომიკა "გაიყინა" - რატომ ამბობენ უარს ინვესტორები საქართველოში შემოსვლაზე

ივანიშვილი თავისთან იბარებს ბიზნესმენებს და „ალაგებს“ სიტუაციებს. ვის ჩადებს აქ ინვესტიციებს?

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ სიღარიბესთან ბრძოლა განათლებით უნდა დავიწყოთ.

„სასიცოცხლოდ გვჭირდება განათლებაზე აქცენტის გაკეთება. რატომ არის, რომ შეძლებული ოჯახების შვილები გაცილებით მარტივად აღწევენ წარმატებას. შეიძლება, მათი კარიერული წინსვლა არა მხოლოდ კარგი განათლებით, არამედ ნეპოტიზმითაც ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ

დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან გამოსულები, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, ნაკლები შანსი აქვთ, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. თუ ამას არ ვუშველით,

ჩვენ განწირულები ვიქნებით სიღარიბისთვის.

ამ ფონზე ვხედავთ, რომ მთავრობა მხოლოდ სოციალური დახმარებების კუთხით აქტიურობს. მესმის, რომ ეს დახმარებები მთელ მსოფლიოშია. უნდა გაგრძელდეს ეს პოლიტიკა, მაგრამ არა ისე, რომ ადამიანი ამაზე იყოს დამოკიდებული“, – აცხადებს არჩვაძე.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რატომ უწყვეტს მთავრობა დახმარებას ადამიანს, ვინც თუნდაც მინიმალურ ხელფასიან სამსახურს ნახავს, სტატისტიკოსი პასუხობს:

მაგალითად აშშ-ში, თუ ასეთი მოქალაქე სამსახურს იშოვის, დახმარების რაოდენობა უმცირდება, მაგრამ „იქაური მთავრობა მუშაობის საშუალებას გაძლევს“, – ამბობს არჩვაძე.

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ განათლების პარალელურად სამუშაო ადგილების შექმნაზეც უნდა ვიფიქროთ.

„თუ ამას არ გავაკეთებთ, გამოდის, რომ ფულს განათლებაზე ტყუილად დავხარჯავთ“, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

 

რადიო „ფორტუნამ“ ოფიციალურ სტატისტიკასაც გადახედა, სადაც სიღარიბის მაჩვენებლები ორ ნაწილად იყოფა: ზოგადი სიღარიბე და აბსოლუტური ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები.

აქ მოყვანილ სტატისტიკაში ჩანს, რომ ზოგადი სიღარიბე ქვეყანაში 2010 წლის შემდეგ თუ მცირდებოდა, 2016-2017 წლებში გაიზარდა (პირველი ინფოგრაფიკა), რასაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეეწირა. ყოველ შემთხვევაში, მისი პრემიერობიდან გაშვების ოფიციალური მიზეზი სიღარიბის ზრდა იყო. მეორე გრაფიკაზე კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რაოდენობაა. აქ ჩანს, რომ ტენდენცია კლებადია.

 

 

ეკონომისტი ნიკა შენგელია ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა და მიიჩნევს, რომ ამით ჭეშმარიტ სურათს ვერ დავინახავთ.

„დათვლის მეთოდოლოგია არის ცუდი,

შეიძლება ვიღაცას ორი ქათამი გაუჩნდა და ამათ უკვე ჩათვალეს, რომ ის ღარიბი ადამიანების ბაზაში აღარ უნდა იყოს.

მათი ლოგიკა არის ცარიელი ციფრები იმისთვის, რომ უბრალოდ უცხოელებს აჩვენონ და ანგარიშებში ასახონ“, – აცხადებს შენგელია.

ეკონომისტი სიღარიბის დაძლევის რეალურ გზად სახელმწიფო ობიექტების კერძო საკუთრებაში უსასყიდულოდ გადაცემას მიიჩნევს.

„ბიუჯეტში რასაც ვხედავთ, მხოლოდ სოციალური დახმარებებია, მააგრამ ეს არაა სიღარიბესთან ბრძოლის გზა. ამისთვის გვჭირდება სამუშაო ადგილები, ინვესტიციები, რასაც ვერ ვხედავთ.

გამდიდრების ერთადერთი გზა საყოველთაო პრივატიზაციაა. ანუ სახელმწიფო ქონება მოქალაქეებს საკუთრებაში უნდა გადაეცეთ უფასოდ, არანაირი ვალდებულებით. თვითონ გადაწყვეტს, განკარგავს, გაყიდის თუ რა იქნება.

თითოეულ მოსახლეზე ეს გახლავთ 600 ათას დოლარზე ცოტა მეტი. ამით გამდიდრება თითოეული მოქალაქე. ამას მოჰყვება მიწის ფასის ზრდა.

საქმე ისაა, რომ მთავრობას ხალხის გამდიდრება არ აწყობს. რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მით ადვილი სამართავია, მით უმეტეს, არჩევნების დროს“, – აცხადებს ნიკა შენგელია.

ამ ლოგიკით, გამოდის, რომ საქართველო სიღარიბიდან კიდევ დიდხანს ვერ ამოვა, რასაც ჩვენთან საუბარში ეკონომისტიც ადასტურებს.

ხელისუფლების მხრიდან ამ თემებზე ჯერჯერობით განცხადება არ კეთდება. რადიო „ფორტუნა“ კომენტარს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

P.S. სიღარიბის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება. ის გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1992 წელს გამოაცხადა.

1987 წლის 17 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 100 ათასი ადამიანი პარიზში შეიკრიბა, ადამიანის უფლებათა მოედანზე, ტროკადეროზე. მათ სიღარიბე გააპროტესტეს. ისინი ითხოვდნენ ადამიანის უფლებათა დაცვას. სამართალდამცველებმა მხარი დაუჭირეს მოძრაობა “მეოთხე სამყაროს” დამფუძნებლის ლოზუნგს: იქ, სადაც ადამიანი იძულებულია იცხოვროს სიღარიბეში, ადამიანის უფლებები ირღვევა. ამ ბრძოლაში გაერთიანება თითოეული ადამიანის წმინდა ვალია.

ამ დღეს ტროკადეროზე სამახსოვრო ქვა ჩადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g