ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარშემო, სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. გრძელდება გამოკითხვები და არ წყდება ფაქტთან დაკავშირებით გამოხმაურებებიც.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც სიღრმისეულად და მჭიდროდ არის ფესვგადგმული დღევანდელ საზოგადოებაში.
“თითქმის არაფერი და თითქმის არავინ ამ ქვეყანაში მაგალითს არ აძლევს შვილების თაობას, როგორ, ან რატომ უნდა დაინდონ სხვა, როგორ ან რატომ არ უნდა სძულდეთ ერთმანეთი. მხოლოდ ფბ-ცხოვრების ყურებაა საკმარისი, ყოველდღიური ლინჩების მომსწრედ ყოფნა, რომ იგრძნო, აქ ბავშვის ჯანსაღად, სხვის და თავის სიცოცხლეში შეყვარებულ ადამიანად გაზრდა გმირობაა, ან სასწაულს უტოლდება. და ასე ვგლოვობთ ყოველ მეორე დღეს მოკლულ ბავშვებს. უშუალოდ მკვლელი ერთია და გარემო, ნიადაგი რომელსაც ვქმნით ყველა ჩვენგანი, მეორე, სადაც სიძულვილი ხარობს დიდი უპირატესობით ყველა სხვა ადამიანურ გრძნობასთან შედარებით. საზოგადოება, როგორშიც ცხოვრება გვინდა, ჩვენ უნდა შევქმნათ, ოღონდ არა იგივე ხერხებით, როგორც ამას ისინი აკეთებენ, ვინც არ მოგვწონს.
„ცვლილება, რომელიც გსურს მსოფლიოში ნახო, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო“მაჰათმა განდი”