ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის სიყვარულის ამბავს, ხშირად თანამედროვე მონარქიის ისტორიაში ყველაზე მყარ და ძლიერ გრძნობად მოიხსენიებიან. თუმცა, ახალი წიგნი ამ ურთიერთობის ნაკლებად ცნობილ, რთულ ეტაპებს ამხელს, მათ შორის იმ მომენტს, როდესაც წყვილი დაშორების ზღვარზე აღმოჩნდა.
წიგნში „უილიამი და ქეთრინი: მონარქიის ახალი ეპოქა“ (William and Catherine: The Monarchy’s New Era), რომლის ავტორიც რასელ მაირსია, თითქმის 100 ინტერვიუზე დაყრდნობით აღწერს წყვილის ურთიერთობის გადამწყვეტ მომენტებს. მისი თქმით, უილიამი და ქეითი „თანამედროვე მონარქიის ბურჯები“ არიან, თუმცა მათი გზა მარტივი არ ყოფილა.
სიყვარულის დასაწყისი და 2007 წლის კრიზისი
მათი ურთიერთობა University of St Andrews-ში სწავლის პერიოდში დაიწყო. წლების შემდეგ, 2007 წელს, ურთიერთობა სერიოზულ გამოცდას წააწყდა.
2007 წლის 9 იანვარს, ქეითის 25-ე დაბადების დღეზე, ნიშნობის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა მედიის უპრეცედენტო აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი ლონდონის ბინის წინ, 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და ხუთი სატელევიზიო ჯგუფი იყო შეკრებილი. კამერების ციმციმსა და ქაოსში ქეითი ძლივს მივიდა საკუთარ ავტომობილამდე. ინციდენტმა გოგონა ძლიერ შეარყია, მან ცრემლებით დაურეკა უილიამს და უთხრა: „აღარ შემიძლია ასე გაგრძელება“.
წყვილთან დაახლოებული წყაროს თქმით, ეს პერიოდი „ორივესთვის უკიდურესად მტკივნეული“ იყო. მარტში, Cheltenham Festival-ზე მათი დაძაბული ურთიერთობა საჯაროდაც გახდა შესამჩნევი. მალევე ქეითმა ულტიმატუმი წაუყენა უილიამსს, ის ნიშნობას არ ითხოვდა, მაგრამ სურდა მკაფიო ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად იყო ურთიერთობა დაესრულებინა.
უილიამმა ვერ მოახერხა მისთვის ქორწინების გარანტიის მიცემა. 30-წუთიან სატელეფონო საუბარში მან აღიარა, რომ „სხვადასხვა მხარეს“ იყვნენ. წყვილმა დროებით დაშორება გადაწყვიტა. თავად უილიამმა ერთ-ერთ მეგობარს ისიც უთხრა, რომ ის უკვე თავისუფალი იყო.
დედოფლის ჩარევა
ამ კრიტიკულ ეტაპზე საქმეში ჩაერია დედოფალი ელიზაბეთი, არა როგორც მონარქი, არამედ როგორც ბებია. მან უილიამი კვირა დღის სადილზე მიიწვია, რათა მისი განწყობა შეეფასებინა. წყაროების თანახმად, პრინცი „სრულად განადგურებული“ იყო.
დედოფლის რჩევა მოკლე, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა: „ერთადერთი სწორი გზა ის არის, რომელსაც რწმენა ამყარებს“. ამ საუბარმა უილიამს ურთიერთობის გადახედვისკენ უბიძგა.
შერიგება და ახალი დასაწყისი
რამდენიმე თვის შემდეგ უილიამმა პირველი ნაბიჯი გადადგა. ის ტექსტური შეტყობინებით დაუკავშირდა ქეითს. თავდაპირველი კომუნიკაცია ფრთხილი და ცივი იყო, თუმცა ერთ-ერთ წვეულებაზე მათი შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. სტუმრების თქმით, როგორც კი მათ ერთმანეთს თვალი მოჰკრეს, ცხადი გახდა, რომ სიყვარული არ გამქრალიყო.
მრავალსაათიანი პირადი საუბრის შემდეგ, წყვილი კვლავ ერთად გამოჩნდა. 2011 წელს კი მათი ქორწილი გაიმართა.
გამოცდები და სიმტკიცე
წლების განმავლობაში წყვილმა მრავალი სირთულე გადაიტანა. მათ შორის 2022 წელს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ უელსის პრინცისა და პრინცესის ტიტულების მიღება, მონარქიის გარშემო მიმდინარე სკანდალები, დაძაბული ურთიერთობა პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან. ასევე, 2024 წელს, ქეითის კიბოს დიაგნოზი.
მაიერსის შეფასებით, მათი ურთიერთობის მთავარი საყრდენი პარტნიორობაა.
„ისინი შესანიშნავი კომუნიკატორები არიან. საუბრობენ ემოციებზე, მხარს უჭერენ ერთმანეთს და ეს ხშირად უხილავი სიმტკიცე განსაზღვრავს მათ იდენტობას“, – აღნიშნავს ავტორი.
როგორც ირკვევა, სიყვარულის ისტორია, რომელიც დღეს მტკიცე და სტაბილური ჩანს, ერთ დროს დასრულების ზღვარზე იყო. თუმცა რწმენამ, დიალოგმა და ოჯახურმა მხარდაჭერამ მათი ბედი სრულად სხვა მიმართულებით წაიყვანა. წყვილი ახლა ბედნიერია და სამ შვილს, პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტას და პრინც ლუის ზრდის.
რასელ მაირსის წიგნი, „უილიამი და ქეთრინი: მონარქიის ახალი ეპოქა“ დღის შუქს 10 მარტს იხილავს, ჩვენ კი ბრიტანეთის მომავალი მეფისა და დედოფლის სიყვარულის ისტორიას სხვა რაკურსით დაგვანახებს.
რა ლამაზი ოჯახია: პრინცი უილიამი და ქეითი სამი შვილით საშობაო კონცერტზე მივიდნენ
