საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ ადამიანები გზას, რომ თმას დაუბრუნონ დაკარგული ფერი – ახლა კი, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს ოცნება შესაძლოა უკვე რეალობასთან ძალიან ახლოს იყოს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თმის გათეთრების მიზეზი მხოლოდ ასაკი არ არის, საქმე იმ სპეციალურ უჯრედებშია, რომლებიც თმას ფერს აძლევენ. ჩვენი ახალგაზრდობისას ეს უჯრედები მოძრაობენ და მელანინს წარმოქმნიან, სწორედ ეს ნივთიერება ქმნის თმის ბუნებრივ შეფერილობას, თუმცა წლების შემდეგ, ეს უჯრედები თითქოს „იძინებენ“, მოძრაობას წყვეტენ და ფერიც ნელ-ნელა ქრება.
კვლევის ავტორებმა შეძლეს ამ უჯრედების „გაღვიძება“ და მათ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება. როცა უჯრედები ისევ იწყებენ მოძრაობას, ისინი კვლავ აჩენენ ფერს თმის ძირებში და თმა ყოველგვარი საღებავის გარეშე, ბუნებრივად უბრუნდება თავის პირვანდელ ელფერს.
აღნიშნული აღმოჩენა განსხვავდება ყველა სხვა კოსმეტიკური პროცედურისგან, რადგან ის არა ზედაპირულად, არამედ თავად ბიოლოგიურ მიზეზს ეხება, უჯრედების დაბერებას და მათი ფუნქციის დაკარგვას.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა მხოლოდ თმის ფერზე არ შეჩერდება. იგივე მექანიზმის გააქტიურება მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ქსოვილებისა და ორგანოების გასაახალგაზრდავებლადაც, რაც ფაქტობრივად, ახალი ეპოქის დასაწყისია რეგენერაციულ მედიცინაში.
მართალია, შედეგები ჯერ ლაბორატორიულ დონეზეა და ადამიანებზე ფართო კვლევები არ დაწყებულა, მაგრამ ის, რაც უკვე ვიცით, საკმარისია იმისთვის, რომ გვიჩვენოს, თმის ბუნებრივად ფერის დაბრუნება უკვე აღარ არის მხოლოდ ზღაპარი, არამედ უახლოესი მომავლის სამეცნიერო მიზანია.