LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოლორაია: შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა ჟურნალისტს ტელეფონის ნომრები

338
Untitled design

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ მოკვლევის დაწყებას ეხმიანება. 

„იმედის“ ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა სიუჟეტზე მოკვლევა დაიწყო

როგორც ლონდა თოლორია სოციალურ ქსელში წერს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ჟურნალისტებზე არ ვრცელდება.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა აღნიშნულ ჟურნალისტს მითითებული პერსონალური მონაცემები – ტელეფონის ნომრები:

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ კომენტარების ავტორების ტელეფონის ნომრების მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით:

⭕️ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლის მიერ ამ კანონის დარღვევის/არდარღვევის ფაქტზე ვერ იმსჯელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;

⭕️ ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება (ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ჟურნალისტს სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას ასევე ავალდებულებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას);

⭕️ ჟურნალისტის ეს ქმედება არა მხოლოდ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრი გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს. აუცილებელია ჟურნალისტმა ამ საფრთხეებზე იფიქროს;

⭕️ ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა აღნიშნულ ჟურნალისტს მითითებული პერსონალური მონაცემები – ტელეფონის ნომრები. სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე;

⭕️ სამწუხაროდ, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს არაერთხელ დაუდგენია ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების უკანონოდ სხვისთვის გადაცემის ან/და პირადი მიზნებით გამოყენების ფაქტი“, – წერს ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში.

საზოგადოების ნაწილის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება თავად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის ავტორი, მარიკა ბაკურაძე და აღნიშნავს, რომ სიუჟეტის მომზადების დროს ეთიკის ნორმები მისი მხრიდან დაცული იყო.

„რაც შეეხება ეთიკის ნორმებს:

სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა. არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება. პირადი კონტაქტების მოპოვება – ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუკის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება. დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ“, – წერს მარიკა ბაკურაძე.

შეგახსენებთ, „იმედის“ ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა. გადაცემის თემა სოციალურ ქსელში სხვისი შეურაცხყოფა იყო. იმედის დღის ჟურნალისტები სტუმართან განიხილავდნენ, თუ „როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელად. “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g