LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა სიუჟეტზე მოკვლევა დაიწყო

972
მარიკა ბაკურაძე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს და განცხადებას აქვეყნებს:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე „ფეისბუკის“ მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.“ – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ სიუჟეტის მომზადების დროს ეთიკის ნორმები მისი მხრიდან დაცული იყო.

„რაც შეეხება ეთიკის ნორმებს: სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა. არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება.

პირადი კონტაქტების მოპოვება – ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით.

დამეთანხმებით, „ფეისბუკის“ სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება. დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი.

და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ.“ – წერს მარიკა ბაკურაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.

გადაცემის თემა სოციალურ ქსელში სხვისი შეურაცხყოფა იყო. „იმედის დღის“ ჟურნალისტები სტუმართან განიხილავდნენ, თუ „როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელად.“

 

mazda magti 5g