LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორმეტივემ ერთხმად გამოაცხადა ვერდიქტი, რომ ყველა ნაწილში დამნაშავეა: დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს

145
ლკჯჰგ

„მხედრიონის“ ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილსა და მისი შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ პირს, ზაზა მურჯიკნელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ამ ეტაპზე, თავდასხმის მოტივი არ საჯაროვდება.

ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ, შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. შედეგად, გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

“ფორტუნა” პირადად ესაუბრა დოდო გუგეშაშვილს:

არის თუ არა ცნობილი, რა იყო თავდასხმის მოტივი?

სასამართლოზე, მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, რომ ეს იყო შეკვეთილი თავდასხმა. თუმცა, დამნაშავე კვლავ არ აღიარებს ამას. ამ საკითხზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება.

მიიჩნევთ, რომ ეს შეკვეთილია. ვის ვარაუდობთ ან რა შეხება გქონდათ ამ პირთან?

დამკვეთზე წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, მასთან მანამდე არანაირი შეხება და გადაკვეთა არ მქონდა. მან უბრალოდ, ნდობით ისარგებლა, დახმარება მთხოვა. ეს იყო ჩვენი შეხების მიზეზი. არანაირი კონფლიქტი, არანაირი უთანხმოება არ მოგვსვლია, რომ რამე ამის მიზეზი ყოფილიყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია დამნაშავეს ბრალი შეუმცირდეს, რა მოლოდინი გაქვთ?

დამნაშავის მხარემ ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა, რაც სასამართლომ დაამტკიცა. თორმეტივემ ერთხმად გამოაცხადა ვერდიქტი, რომ ყველა მუხლის, ყველა ნაწილში ის არის დამნაშავე. შემდეგ, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი. ჩემი მოლოდინი არ არის, რომ მას რამეს შეუმსუბუქებენ.
გამოძიებამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა. საზოგადოებისთვის არ გამისაჯაროებია, რომ მე შემეძლო დამნაშავის ამოცნობა. სახეც აღწერილი მქონდა. თუმცა, ამას ჩვენებაში ყოველთვის ვამბობდი. ამითი ქილერის ყურადღება მოვადუნე და შესაბამისად, მან ქვეყანა არ დატოვა. ის სამმა მეზობელმაც ამოიცნო, რომლებიც კიბეზე გადააწყდნენ.

თავად დამნაშავე რას ამბობს?

როდესაც დამნაშავე დაიჭირეს, ის ამბობდა, რომ ყველას ეშლებოდა და შეცდომით ადებდნენ ხელს. მიუხედავად იმისა, რომ დაუმტკიცდა დანაშაული, დღესაც უარყოფს. თუმცა თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა, რომელთა შერჩევაშიც არანაირი მოაწილეობა ჩვენ მხარეს არ ქონდა მიღებული, გამოხატა საზოგადოების აზრი და მათი მტკიცე დამოკიდებულება, რომ ქილერი მაქსიმალურად უნდა დაისაჯოს.

რა შეხება გქონდათ დამნაშავესთან?

ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო. თითქოს ის იყო ჩემი მეგობრის მეგობარი. იყო ვეტერანი, რომელიც ახალაიამ დაღუპა. შემდეგ, სასამართლოზე დაიდო მტკიცებულება, რომ 2007-2008 წლებში, ახალაიას სპეცრაზმში იყო. წუწუნებდა, რომ ოჯახი ჰყავდა სარჩენი. ბავშვები ჰყავდა და მე უნდა დავკავშირებოდი მის პარტნიორს თურქეთში. ჩემი მეგობრების მეშვეობით უნდა მომეძებნა მაღაზიიდან აეროპორტამდე გადამზიდი დაცვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა, მაღაზიაში შეძენილ ქარვის ნაკეთობებს მშვიდობიანად მიიტანდა აეროპორტში.

ამ პერიოდში, რაიმე უთანხმოება ხომ არ გქონდათ მასთან?

არა, რასაკვირველია. უბრალოდ, პერიოდულად დაიკარგებოდა. შემდეგ, ისევ გამოჩნდებოდა. ბოლო ხანებში, ძალიან გააქტიურებული იყო. უთანხმოება, რატომ უნდა ყოფილიყო?! მან მშვენივრად იცოდა, რომ ეს იყო ბლეფი, მისი მოგონილი საქმე. მისი მთავარი მიზანი იყო, ჩემთან რაიმე ურთიერთობაში შემოსულიყო.

მინიმალური ეჭვი თუ გაქვთ, რა იყო თავდასხმის მოტივი?

წარმოდგენა არ მაქვს. ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ჩვენებაშიც აღვნიშნე, რომ ერთხელ, როდესაც მასთან ერთად ვიყავი და ანგარიში ამომეწურა, ჩემ შვილთან დარეკვა ვთხოვე. ალბათ დაიბნა, არ დაფიქრდა და ტელეფონი მომაწოდა, სადაც ჩემი შვილის ნომერი ქონდა შეყვანილი.
ასევე, მისი ახლობლები გამოძიებისთვის თავგზის ასარევად, ალიბის შექმნას ცდილობდნენ, თითქოს, იმ საშინელ დღეს თბილისშიც არ იმყოფებოდა. თუმცა, გამოძიებამ იმდენად კარგად იმუშავა, რომ როდესაც მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, მოსამართლის განჩინებით, მოსასმენი აპარატი დააყენეს და ყველაფერი ეტაპობრივად, ფაქტებზე დაყრდნობით გამოიკვლიეს.

 

შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ზ.მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g