თოვლისა და ლიპყინულის გამო გზებზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ147-კმ188 (მულახი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვლი, სუსტი ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.