იაპონურმა ავტო გიგანტმა Toyota-მ კანადაში, ონტარიოს ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტების გამოყენება დაიწყო. „Digit“-ის სახელით ცნობილი ანდროიდები საწარმოო პროცესში ადამიანების ნაწილობრივ ჩანაცვლებას შეძლებენ და პირველ ეტაპზე მძიმე, განმეორებადი სამუშაოების შესრულებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.
ქარხანაში, სადაც კანადური ბაზრისთვის Toyota RAV4-ის მიმდინარე თაობა იწარმოება, რობოტებს კომპონენტებით სავსე კონტეინერების გადაადგილება, ავტომატიზებული პლატფორმებიდან აწყობის ხაზამდე მიტანა და ცარიელი ყუთების გატანა დაევალათ. კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ოპერაციების ავტომატიზაცია თანამშრომლებს ფიზიკური დატვირთვისა და პროფესიული გადაღლისგან დაიცავს, ხოლო ადამიანური რესურსი უფრო რთულ და ზუსტ სამუშაოებზე გადანაწილდება.
ჰუმანოიდების დანერგვა Agility Robotics-თან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე საწარმოში მხოლოდ სამი „Digit“ მუშაობს, თუმცა პროექტის გაფართოება უკვე იგეგმება.
პარალელურად, კომპანიები ხელოვნური ინტელექტის სპეციალურ მოდელზეც მუშაობენ, რომელიც საწარმოო ხაზზე სხვა ისეთი პროცესების აღმოჩენას შეძლებს, სადაც ადამიანების ჩანაცვლება „ციფრული თანამშრომლებით“ იქნება შესაძლებელი.
მსგავსი ტენდენცია ავტოინდუსტრიაში უკვე სხვა მწარმოებლებშიც შეინიშნება. მარტში BMW-მაც დაიწყო ჰუმანოიდი რობოტების ტესტირება ლაიფციგის ქარხანაში, სადაც ისინი ელექტრომობილების ბატარეების აწყობის პროცესში უნდა ჩაერთონ.

ექსპერტების შეფასებით, ავტომობილების წარმოებაში ჰუმანოიდი რობოტების ინტეგრაცია უახლოეს წლებში მნიშვნელოვნად დააჩქარებს ავტომატიზაციას და მთლიანად შეცვლის ქარხნების სამუშაო მოდელს.
