ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელი „თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის შესახებ ბრიფინგზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლგბტ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა, ვერ შეუმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძენებას, რომელიც დღეს მათ აქვთ.
„ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელი “თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. ამავდროულად, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ, ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყონებლივ მიიღონ ზომები ჩვენს დასაცავად, რათა შევძლოთ როგორც მინიმუმ მშვიდ გარემოში არსებობა,” – განაცხადა გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვამ.
მისივე თქმით, პრაიდის დაანონსების შემდეგ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ფაქტებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო და ეს გადაწყვეტილება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.
„2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ მივიჩნიეთ, რომ მაისის თვეში თავდასხმების რაოდენობა თემის წევრებზე საგრძნობლად იზრდება და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო. პატივს ვცემთ ორგანიზატორების სულისკვეთებას, LGBTQ აქტივისტებთან ერთად, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩართული უთანასწორობასთან ბრძოლაში, ყოველთვის ვიდექით და დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თემის ხილვადობისა და მისი უფლებების დასაცავად, თუმცა , სამწუხაროდ ჩვენ ვთვლით, რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძენებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს.
სამწუხაროა, რომ წელს პრაიდის დაანონსებამდე არავის ჩაუთვლია საჭიროდ ეკითხა აზრი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის და მთელი ზომები ჩვენი უსაფრთხოებისთვის მიეღო.
ასევე, ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თემის იმ წევრების მიმართ, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ პრაიდს და იმედი გვაქვს, რომ ამ განცხადებას მტრულად არ მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ,” – აცხადებს რომანოვა.