“ჩვენ უკვე კარგად გვექნება გათვითცნობიერებული და ათვისებული საზოგადოებრივი ქცევები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჰიგიენის ნორმების, დისტანციის დაცვა და ტრანსპორტის მუდმივი დამუშავება კორონავირუსული პანდემიის ჩავლის შემდეგაც აუცილებელი იქნება.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა მისი მუშაობა აღდგება, დისტანციის და უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული. ასევე უნდა დაიცვან ზოგადი ჰიგიენის ზომები, რაც ამ ტრანსპორტის დამუშავებასა და დასუფთავებას გულისხმობს. ვფიქრობთ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება აღდგება, ჩვენ უკვე კარგად გვექნება გათვითცნობიერებული და ათვისებული საზოგადოებრივი ქცევები, რაც ფიზიკურ დისტანცირებას, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებას გულისხმობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ალბათ, ერთი ხანი დაგვჭირდება, რომ სწორად გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ნიღაბი, მით უმეტეს, როცა ტრანსპორტის ფუნქციონირება აღდგება და ასევე, უნდა დავიცვათ ხელების ჰიგიენა”, – განაცხადა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენოვა 511-მდე გაიზარდა.