LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტროტუარზე პარკირებისთვის საპატრულო პოლიცია 10 ლარიანი ჯარიმების დაწერას იწყებს

68

გუშინ სოც-ქსელის მეშვეობით ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენელმა მაია ქობალიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიცია ტროტუარზე პარკირებისთვის 10 ლარიანი ჯარიმების დაწერას იწყებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ტროტუარზე სიარულისას ალიანსის წევრებმა არასწორად პარკირებული ავტომობილი შენიშნეს და საპატრულო პოლიციაში დარეკეს. ეკიპაჟი 15 წუთის შუალედში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და ავტომობილის მძღოლი 10 ლარით დააჯარიმა.

როგორც ჩვენთან საუბრისას ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, ეს გახლდათ ერთ-ერთი იშვიათი პრეცედენტი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს საზოგადოებრივ აქტიურობას მსგავსი ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჯარიმების ამოქმედებას, როგორც ეკა ლალიაშვილი აცხადებს, ჯარიმის შესახებ ინფორმაცია კანონში დიდი ხანია არსებობს, თუმცა, აქამდე იშვიათად ექცეოდა ყურადღება, ისევე როგორც 200 ლარიან ჯარიმებსაც. შესაბამისად, 200 ლარიანი ჯარიმების ამოქმედებასთან ერთად, ამოქმედდა 10 ლარიანი ჯარიმებიც ტროტუარზე პარკირებისთვის.

ამასთანავე, ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა, რომ 26 მარტს 12 საათზე, ჭავჭავაძის გამზიზრზე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე) იმართება აქცია სახელწოდებით ”აქ არ გააჩერო – ტროტუარი ქვეითისაა!”

როგორც ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ თემებთან უმნიშვნელოვანესია და თითოეულ მოქალაქეს, აქტიურობისკენ მოუწოდებს…

“მოსახლეობა აუცილებლად უნდა გააქტიურდეს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში 112-ის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. მხოლოდ ასე შევძლებთ გუნდურად და გაერთიანებული ძალებით კანონმორჩილი საგზაო მოძრაობის მონაწილეების ჩამოყალიბებას და წესრიგის დამყარებას ქუჩაში.

საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს იმის განცდა, რომ არსებული სტერეოტიპების შეცვლა და დამსხვრევა თითუეულ ჩვენგანს შეგვიძლია და ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა!” – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.