LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შემცირდეს კერძო ავტომობილის მოხმარება და მძღოლები გადასხდნენ ტრანსპორტზე

54
46504108-2442544295762156-3792717217724891136-n

1 იანვრიდან თბილისში შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი სამგზავრო აბონემენტები ამოქმედდეს. ამის შესახებ თბილისის მერიაში საუბრობენ.
იმოქმედებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები.

„ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესები და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მერი გააკეთებს დეტალურ განმარტებებს“,-აცხადებენ მერიაში.

სატრანსპორტო პოლიტიკაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

 

ქალბატონო ეკა, პირველი კითხვა ვადიან ბარათებს შეეხება: დაახლოებით რაზეა საუბარი მსმენელისთვის რომ განვმარტოთ?

თავად სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანია იმით, რომ ვინც გამოიყენებს კერძო ავტომობილს, და ჩვენი მენტალობა მოგეხსენებათ ასეთია, რომ პირველი მაინც ავტომობილია, დავთმოთ და გადავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ყველა ღონისძიება, რასაც ატარებს მუნიციპალიტეტი, უნდა ემსახურებოდეს ამ მიზანს. დეტალები, რასაც მუნიციპალიტეტი აანონსებს, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ მიმართულია სწორედ ამ პოლიტიკისკენ. ვხედავთ მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი ავტობუსი შემოდის, ინფრასტრუქტურაც ამ კუთხით ვითარდება, რომ ფეხით სიარული უფრო სასიამოვნო იყოს. დღეისათვის უფრო ავტომობილზეა მორგებული და რომ იყოს ადამიანზე მორგებული, ტრანსფორმაცია რომ მოვახდინოთ. ეს კი პროცესია და ამას დრო სჭირდება, ცოტა უნდა დაველოდოთ, თუმცა იმედიანად ვუყურებ მსგავს ინიციატივებს. ამჟამად, თუ წინა პერიოდს შევადარებთ, უპრეცენდენტო ღონისძიებები ტარდება.

ვადიანი ბარათები საკმაო აპრობირებული მეთოდია საზღვარგარეთ. ევროპის ბევრ ქვეყანაშია 24-საათიანი, 48-საათიანი 3-დღიანი, 1-კვირიანი ბარათები, პლუს ტურისტებისთვისაც არსებობს სხვადასხვაგვარი სამგზავრო შეთავაზებები…

ეს ბარათებიც ხელს შეუწყობს იმას, რომ წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. ჩვენს განწყობაში არ მიიჩნევა პრესტიჟულად და პრიორიტეტად, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ტრანსპორტი ნომერი პირველია. იმდენად გართულებულია გადაადგილება, თან კერძო ავტომობილი ძვირია, ამასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფად დადის და კომფორტულია.

ამჟამად ჩვენთან მოქმედებს ე.წ. საათნახევრიანი ტარიფი, როდესაც ნებისმიერ მუნიციპალურ ტრანსპორტზე (ავტობუსი, მეტრო, ლურჯი მიკროავტობუსი) საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომა უფასოა. ვადიანი ბარათების შემოღება მაგალითად ყოველთვიურ ხარჯს გაზრდის თუ არა საშუალო სტატისტიკურ მგზავრზე?

არ მინდა მერიას დავასწრო და წინასწარ ვისაუბრო ამ საკითხებზე, უმჯობესია მათგან მივიღოთ პირველადი ინფორმაცია. თუმცა რასაკვირველია ამ ტიპის ბარათები ემსახურება წახალისდეს თითოეული მოქალაქე, მათ შორის პირველ რიგში ავტომობილის მძღოლი და ისარგებლოს ტრანსპორტით. ქალაქის ინტერესი უნდა იყოს შეამციროს ყოველდღიურ მოხმარებაში კერძო ავტომობილი და ასეთი მძღოლები გადასხდნენ ტრანსპორტზე. ასე ვიტყოდი, ეს არის ერთი ჯაჭვის ნაწილი. მთლიანი სისტემა, რასაც სატრანსპორტო პოლიტიკა ქვია, იქნება ეს ბარათი, ბასლაინები, მათ შორის პარკირებაც, ეს არის ერთი ჯაჭვი, რაც საბოლოოდ მოგვცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეტ მომხმარებელს.

მელიქიშვილის გამზირზეც მინდა გკითხოთ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ორმხრივი სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგება. თქვენი შეფასებით ღირს ამის გაკეთება და თუ კი, რატომ და გამოიწვევს თუ არა საცობების განტვირთვას?

საცობები მუდმივი პრობლემაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მოგვარებადია თუ ისევ და ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ხარჯზე შევამცირებთ ყოველდღიურ მოხმარებაში კერძო ავტომობილს. ხელაღებით რთულია თქმა რა შედეგს მივიღებთ, შესწავლისა და კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, ეს უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გაკეთებული კვლევა და არა ერთი ხელის მოსმით მიღებული გადაწყვეტილება.