პირი, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდეერია, ლევან იზორია ამბობს, რომ სუს-ში 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა. უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, აგვისტოს შემდეგ იგი უნივერსიტეტმა დაიტოვა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს აღარ ასრულებდა.
ლევან იზორიას განცხადებით, ადრე კანონში იყო ჩანაწერი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შეეძლო ერთპიროვნულად გადაეწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. თუმცა შემდეგ, იზორიას თქმით, რეფორმების განხორციელების დღის წესრიგში დაისვა საკითხი, მომხდარიყო ამ ინსტიტუტის გაუქმება და საერთაშიროსო პრაქტიკის დანერგვა.
„შევისწავლეთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება და კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ გარკვეული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საიდუმლოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, უსაფრთხოების სამსახურს ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებასა და ზოგჯერ კერძო სტრუქტურებშიც კი, რომლებსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს, შესაძლოა თანამშრომელი ჰყოლოდა. როცა ამ ინსტიტუტს ვაყალიბებდით, ორიენტირი გვქონდა ამ პრაქტიკაზე. საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე ჩვენთან ასეა, ცალკეულ სტრუქტურებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობით უნდა განსაზღვრულიყო სუბიექტთა წრე, სადაც იქნებოდა მაღალი რისკი უსაფრთხოების”, – განაცხადა ლევან იზორიამ და განმარტა რომ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე თავად სუბიექტი განსაზღვრავს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰყავდეს თუ არა წარმომადგენელი უსაფრთხოების სამსახურიდან.
“რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ჩვენ კატეგორიულად უარი ვთქვით, რომ საგანმანათლებლო ორგანოში ყოფილიყო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქაც არ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რაც სახელმწიუფო უსაფრთხოებას უკავშირდება. მაგალითად, როცა უცხო ქვეყნიდან, ისეთიდან, სადაც ძალიან მოიკიდა ფეხი ტერორიზმმა, არიან სტუდენტები, საინტერესოა რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსული. გამომდინარე იქედან, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოდეერი ინსტიტუტებში არ იყოს”, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.