„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერის მრჩეველია.
„4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ ჩვენს ქვეყანაში თვისებრივად უნდა გარდავქმნათ უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სისტემა. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. ამ მიმართულებით რესურსები არის ძალიან დიდი.
მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისთვის, რომ, 4 წელიწადში, ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხის განათლებასაც ის ევროპულ ქვეყნებში იღებს. ამისთვის უნდა დაისახოს გეგმა, ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია.
სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე იქნება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. არც ერთი დღე და კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.