პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე.
„აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთში ვიზიტის დროს გაფორმებული დოკუმენტები სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.
პრემიერ-მინისტრმა ულან ნიაზბეკოვს მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დაესწრო“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
