პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
„აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
